უცხოეთი
სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობის დათხოვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა მთავრობის დათხოვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

აღნიშნული განკარგულება პრეზიდენტთან მას შემდეგ შევიდა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისიტრმა თანამდებობა დატოვა.

ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ- მინისტრის თანამდებობიდან გუშინ გადადგა. ამ გზით ფაშინიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გეგმავს.

იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირის განმავლობაში პარლამენტი ორი მცდელობით ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევას ვერ მოახერხებს, ეროვნულ კრებას დაითხოვენ, ქვეყანაში კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

გადადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე, ნიკოლ ფაშინიანმა პარტია „აყვავებულ სომხეთთან“ მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც პარტია პრემიერობის საკუთარ კანდიდატს არ წამოაყენებს. ანალოგიურად მოიქცევა პარტია „დაშნაკცუთიუნიც“.

სავარაუდოდ, საკუთარ კანდიდატს „რესპუბლიკური პარტია“ წამოაყენებს, თუმცა 105-ადგილიან პარლამენტში მათი 50 მანდატი პრემიერის ასარჩევად საკმარისი არ იქნება. შესაბამისად, ორი ჩავარდნის შემდეგ, კონსტიტუციით ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.

სავარაუდო თარიღად კი 9–10 დეკემბერი სახელდება.

1tv.ge