პოლიტიკა
ზურაბიშვილი - პრიმაკოვის ნაცვლად?!

zurabishvili_salomeგაეროს უშიშროების საბჭოს ირანის სანქციების კომიტეტის ექსპერტების ჯგუფის კოორდინატორის - სალომე ზურაბიშვილის თქმით, კომიტეტში რუსეთის მხარდაჭერით კმაყოფილი არიან.

როგორც მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან – სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, აუცილებელია სანქციებზე მხარდაჭერა უშიშროების საბჭოს ყველა წევრისგან იქნას მიღებული.

,,სასიხარულო ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი მხარს გვიჭერს,“ – აღნიშნა გაეროს უშიშროების საბჭოს ირანის სანქციების კომიტეტის ექსპერტების ჯგუფის კოორდინატორმა.

რაც შეეხება ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადებას, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგი მხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს ირანის სანქციების კომიტეტის ექსპერტების ჯგუფის კოორდინატორია და არსებული სანქციების შესრულებაზე თვალყურის დევნება მის კომპეტენციაში არ შედის.

,,სანქციების დაწესება კი გაეროს უშიშროების საბჭოს ეხება და, შესაბამისად, ახალი სანქციების დაწესების საკითხიც მხოლოდ მისი გადასაწყვეტია,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მაგრამ საქართველოში, პოლიტიკურ კულუარებში, მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი სერგეი ლავროვს სულ სხვა მიზეზით შეხვდა და რფ-ის მხარდაჭერა ირანის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით მარტოდენ შირმა იყო. გამორიცხული არაა, რომ ექსპერტთა ჯგუფის რიგით კოორდინატორს – სალომე ზურაბიშვილს (რომელსაც, მიუხედავად ფრანგული ფრონანსისა, ყოველთვის პრორუსულ მოღვაწედ მიაჩნდათ, რომელსაც სერიოზული კონტაქტები ჰქონდა რუსეთის სხვადასხვა სტრუქტურებთან) რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი სწორედ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხებისა და მათში ფრანგული წარმოშობის ქართველი ქალის შესაძლო როლის გამო შეხვდა. როგორც ჩანს, ევგენი პრიმაკოვმა ვერ შეასრულა ვლადიმერ პუტინის დავალება – საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგება, რომელიც პრემიერმა შარშან, 80 წლის იუბილეზე, მისცა (ამიტომ პრიმაკოვი გუშინ გადააყენეს!) და ახლა ეს დავალება ზურაბიშვილს გადაულოცეს.