საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა. ამის შესახებ მინსკში გამართული რუსეთის ეკლესიის სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა განაცხადა.
მისი განცხადებით, რუსეთის საპატრიარქო 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლში მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოდ ცნობს. ლაპარაკია მსოფლიო საპატრიარქოს მიერ კიევის პატრიარქის ფილარეტისა და მიტროპოლიტ მაკარისთვის ანათემის მოხსნის და იმ სინოდალური გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რომლითაც მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმა შეეძლო.
როგორც მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა, რუსეთი არასდროს აღიარებს ამ გადაწყვეტილებას და განხეთქილება შენარჩუნდება. მისივე თქმით, რუსეთის ეკლესიის სინოდი იძულებული გახდა, ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, რადგან კონსტანტინოპოლი განხეთქილების მომხრე ძალების გვერდით დადგა და საეკლესიო კანონთა ჩარჩოს მიღმა აღმოჩნდა.