პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი აშშ–ში „ვარდების რევოლუციის“ „არც ისე ვარდისფერ“ შედეგებზე ისაუბრებს

berdzenishvili_levan23 თებერვალს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი ვაშინგტონში, ორგანიზაცია ნედში (National Endowment for Democracy, NED) 2003 წლის რევოლუციის შედეგების პრეზენტაციას „არც ისე ვარდისფერი შედეგები: საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ“ გამართავს, რომელიც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას ეხება.

როგორც პარტიაში განმარტავენ, პრეზენტაციაში საუბარია იმ ნაკლოვანებებზე, რომლებიც ახლდა დემოკრატიის განვითარებას და იმ იმედების მსხვრევას, რაც რევოლუციით გამოწვეულ ეიფორიას მოჰყვა. ბერძენიშვილი, ასევე, ქვეყნის სამომავლო განვითარებასა და ტენდენციებზე და იმ სახიფათო თამაშზე ისაუბრებს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის „სინგაპურიზაციის“ გზით ეწევა. გარდა ამისა, საუბარი იქნება იმ როლზე, რომელსაც საქართველოს ცხოვრებაში პოლიტიკური პარტიები, მედია და სამოქალაქო საზოგადოება ასრულებენ.

ბერძენიშვილის მიერ მომზადებულ მასალაში აღნიშნულია საგანგაშო მდგომარეობა განათლების სფეროშიც, რომელშიც, ისევე როგორც სხვა სფეროებში, პოლიციური კონტროლის გაძლიერების ტენდენცია შეინიშნება. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი საერთაშორისო და ამერიკული დონორი ორგანიზაციების პოლიტიკასაც აკრიტიკებს, რომელიც, მისი აზრით, მიმართულია ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხელს უწყობს რეჟიმის გაძლიერებასა და სამოქალაქო განვითარების შეფერხებას.
პრეზენტაცია შეიცავს დასკვნებს საქართველოში დემოკრატიული განვითარების პერსპექტივების შესახებ და რეკომენდაციებს ამერიკელი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიმართ.

პრეზენტაცია ვაშინგტონში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და 23:00 საათამდე გასტანს (აშშ–ის დროით 12:00-14:00).