პუბლიკაციები
სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ სპექტაკლის მესამე აქტი გაითამაშა

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. მკითხველს შევახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე 4-5 ივნისის საპროტესტო აქციიდან რეპორტაჟებში (იხ. რუბრიკა „პუბლიკაციები“) საქინფორმი აფრთხილებდა, რომ აქციის ლიდერები - ყმაწვილების დავით სარალიძის და თემირლან მაჩალიკაშვილის მამები (პირველი მათგანი თანატოლების მიერ დანით მიყენებული ჭრილობებისაგან დაიღუპა, მეორე - სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სპეცოპერაციის დროს) - შემთხვევით როდი გაერთიანდნენ. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჩანაფიქრით, სარალიძის და მაჩალიკაშვილის სიკვდილს ქართველი საზოგადოების თვალში უნდა გადაეფარა ახალგაზრდების - გირგვლიანის და რობაქიძის მკვლელობები, რომლებიც მისი სისხლიანი რეჟიმის დროს პოლიციელებმა მხეცურად დახოცეს.

სპექტაკლის პირველ აქტს მეორე მოჰყვა- 24 სექტემბერს პუბლიკაციაში „აგენტობიდან - პრეზიდენტამდე?! სააკაშვილის პარტიამ ხელისუფლებისათვის ბრძოლაში ჯაშუშურ მეთოდებს მიმართა“ - საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა განაცხადა, რომ სკანდალური აუდიოჩანაწერები, რომლებიც თითქოს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მითითებით ხელისუფლების მხრიდან ბიზნესმენების რეკეტს მოწმობენ, არ არის ფარული მოსმენა საქართველოს შსს-ს ან სუს-ის მხრიდან. ჩანაწერები გაკეთებულია თავად ყველა ამ სატელეფონო საუბრის ინიციატორების და პერსონალიების მიერ - კორპორაცია „ომეგა ჯგუფის“ „დარეკეტებული“ მფლობელის ზაზა ოქუაშვილის და ხელისუფლებასთან მის მოლაპარაკებაში შუამავლის, სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის მიერ.

და აი, როდესაც 28 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 კვირა რჩებოდა, მიშა სააკაშვილმა თავისი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენდირექტორ ნიკა გვარამიას მეშვეობით ფარული აუდიოჩანაწერების მესამე შემოგდება განახორციელა. „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებში ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების ჩხუბის მონაწილე მოზარდის ბიძა - პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად ციხეში მყოფი მირზა სუბელიანი პარლამენტის დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს და პენიტენციური სისტემის თანამშრომელს დიდხანს უყვება, როგორ „ჩაჯდა ციხეში ერთი წლით“ ოჯახის წევრისთვის ხელის დაფარების გამო, თუმცა შეეძლო, საქართველოში „პოლიტიკური სიტუაცია აეფეთქებინა“. როგორც სუბელიანი ამბობს, მან ფარულად ჩაიწერა და შეინახა აუდიოფაილები, რომლებიც თითქოსდა დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მათ შორის - შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიღებულ უკანონო დავალებებზე (რეკეტი, ზეწოლა ცრუ ჩვენების მიცემის მიზნით, ადამიანების გატაცება და სხვა) მოწმობს, მათ კი ის დღეს „ბედის ანაბარა მიაგდეს“.

იბადება შეკითხვა - თუკი საქართველოში დღეს „მაფიოზური მმართველობაა“, რატომ დუმს ახლაც ყველა „მსხვერპლი“? „მწუხარებით გულმოკლული მამები“, რომლებიც რუსთაველის გამზირზე პერმანენტულ აქციებს ატარებენ, და სახელმწიფოს წინაშე 50-მილიონიანი დავალიანების მქონე ბიზნესმენი ოქუაშვილი რატომ შეუერთდნენ „ნაცმოძრაობას“ და მისი კანდიდატის - გრიგოლ ვაშაძის აგიტატორები გახდნენ? სად არის იმ „ფაქტების“ დადასტურება, რომლებზეც სუბელიანი „მოწმობს“, და მის მიერ წინდახედულად ჩაწერილი აუდიოფაილები? ეს საუბარიც თვითონ მის მიერ ან მისი თანხმობით ხომ არ არის ჩაწერილი?

მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, მიმდინარეობს ფარული საუბრების ყველა მონაწილის დაკითხვა, რა დროსაც უკვე იკვეთება, რომ ყველა ეს აუდიოჩანაწერებიანი სპექტაკლი პოლიტიკური მიზნების მქონე პირთა ერთი ჯგუფის დადგმულია. საქინფორმს ამასთან დაკავშირებით თავისი ვერსიები აქვს, მაგრამ გამოძიების შედეგებს ელოდება. დღეს კი აუცილებლად მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ ციხეში ფარული ჩაწერის ან მოსმენის განხორციელება - შანტაჟის შედეგად თუ არჩევნებში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში კარიერული სიკეთეების იმედით - ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა, სასჯელაღსრულების წარმატებული მინისტრი კახა კახიშვილი სხვა თანამდებობაზე რომ არ გადაეყვანათ.