პოლიტიკა
საქინფორმი - საქართველოში ლარის გაუფასურების, ნავთობპროდუქტების გაძვირების და ამისი შედეგების შესახებ

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16 ოქტომბრისათვის დაადგინა აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლარში 2,6664 ლარის ოდენობით. წინა მნიშვნელობასთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი 0,0288 ლარით შემცირდა. 1 ევროს კურსი 3,0925 ლარია.

გადამცვლელ პუნქტებში 1 აშშ დოლარს 2,67 ლარად იბარებენ, 1 აშშ დოლარის გაყიდვა კი 2,7-დან 2,85 ლარამდე მერყეობს.

მაშ ასე, წლის ბოლომდე ორთვე-ნახევარი რჩება, მაგრამ დოლარის კურსმა ლართან მიმართებაში უკვე გადააბიჯა 2,60 ლარის ნიშნულს, რომელზე გაანგარიშებითაც იყო შედგენილი მომავალი - 2019 წლის ბიუჯეტი.

ეროვნული ვალუტის (GEL) ასეთი მკვეთრი ინფლაციის მიზეზი რამდენიმეა: როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ეს განპირობებულია საგარეო ფაქტორებითაც - დოლარის მიმართ რუსული რუბლის და თურქული ლირის კურსის დაცემით აშშ-ის ეკონომიკური სანქციების გამო, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და თურქეთი საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან - როგორც ექსპორტიორები, ისე იმპორტიორები.

მიზეზებს შორის არის აგრეთვე ქართული ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა ფინანსური წლის დასრულებასთან დაკავშირებით, როცა ბრუნვაში შემოდის წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ აუთვისებელი ლარის დიდი რაოდენობა და სახელმწიფო რთული დილემის წინაშე დგება - ან ლარის კურსის დაცემა, ან ბოლომდე აუთვისებელი ბიუჯეტი.

თავისი როლი შეასრულეს შიდა ფაქტორებმაც, როგორიცაა ა.წ. 28 ოქტომბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოება, რომელთან დაკავშირებით ბრუნვაში ჩაერთო მილიონობით ლარი სხვადასხვა პარტიისა და ბლოკის კანდიდატების მხარდასაჭერად კერძო შემოწირულებების და სახელმწიფო ასიგნებების სახით.

შიდა ფაქტორებს შეიძლება მივაკუთვნოთ აგრეთვე დოლარის კურსით სპეკულაცია ბანკების და სხვადასხვა კომერციული სტრუქტურის მხრიდან, რომლებიც შექმნილი ვითარებით დიდი მოგების სწრაფად მისაღებად სარგებლობენ.

ცხადია, შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს საქართველოში ბენზინგასამართი სადგურების ქსელის მფლობელმა კომპანიებმაც: ბენზინის მკვეთრმა გაძვირებამ, რომლის 1 ლიტრის ფასი 1 აშშ დოლარს გაუტოლდა, აგრეთვე დიზელის საწვავის გაძვირებამ, რაც საქართველოში არასდროს მომხდარა, გამოიწვია ფასების ნახტომი მთელ სამომხმარებლო კალათაზე, განსაკუთრებით - კვების პროდუქტებზე, როგორც ადგილობრივი წარმოების (სოფლის მეურნეობის პროდუქცია ბაზრებში, პური), ისე იმპორტირებულზე (მაგალითად, ფქვილი). მკვეთრად გაძვირდა სამშენებლო მასალები, თამბაქოს ნაწარმი (ორჯერ) და, შესაბამისად, სხვადასხვა მომსახურება. „პრემიუმის“ მარკის 1 ლიტრი ბენზინი დღეს საქართველოში 2,60 ლარი ღირს, „რეგულარი“ და „სუპერი“ - უმნიშვნელოდ უფრო იაფი და ძვირი, შესაბამისად, 1 ლიტრი დიზელის ფასიც დაახლოებით ასეთივეა - 2,57-დან 2,65 ლარამდე. გაძვირდა, ასევე, საავტომობილო ზეთები და სხვა ნავთობპროდუქტები.

პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს მთავრობა არავითარ სანუგეშო პროგნოზებს არ აკეთებს, რათა მოსახლეობა შეცდომაში არ შეიყვანოს, საქართველოს ეროვნული ბანკი კი დროდადრო ინტერვენციებს ახდენს და ბირჟაზე 10-10 მილიონ დოლარს ყიდულობს თავისი რეზერვებიდან, რომლებიც ასევე შეზღუდულია.

საქინფორმი პროგნოზს აკეთებს, რომ 2019 წლის იანვრისათვის ლარის გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლარის მიმართ 3 ლარს მიაღწევს, რაც გააძლიერებს ევროპის ქვეყნებში საშოვარზე მოსახლეობის ისედაც მასობრივ გადინებას, რაც მკვეთრად გაადვილდა შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის წყალობით. მაგალითად, დღეს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს პოლონეთი, სადაც სხვადასხვა ფაბრიკასა და საწარმოში მუშებს თვეში 700 ევროს უხდიან და უფასო საცხოვრებლით, კვებითა და სპეცტანსაცმლით უზრუნველყოფენ.