საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საზღვრების კონტროლისთვის შსს-მ პარტნიორი და დონორი ორგანიზაციებისგან სხვადასხვა სასაზღვრო ინციდენტის აღმოჩენისა და მათზე რეაგირების საშუალებები მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ შსს-დან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული.
რაც შეეხება ე.წ. მწვანე ზოლზე ტექნიკური აღჭურვილობის (სენსორები, კამერები) განთავსებას, რაც უწყების მიერ დაანონსებული იყო, შსს-ს განმარტებით, ამის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოა. აქედან გამომდინარე, უწყებაში არ აკონკრეტებენ, უკვე განხორციელდა თუ არა აღნიშნული ტექნიკის განთავსება საზღვრების იმ მონაკვეთებზე, რომელიც მოცემულ ეტაპზე ვერ კონტროლდება.
რაც შეეხება მესაზღვრეების გადამზადებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2018 წლის 1 იანვრიდან შსს აკადემიაში მიმდინარე კურსები 75-მა მოქმედმა თანამშრომელმა გაიარა, ამჟამად კი სასწავლო კურსს „სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო ტექნოლოგიები და სისტემები“ 16 მესაზღვრე გადის.
„საქართველოს სასაზღვრო ზოლზე არსებული ტექნიკური საშუალებების (რადარები, სენსორული მოწყობილობები, თერმული დაკვირვებისა და რადიოკავშირის საშუალებები) გამოყენების მიზნით, აკადემიაში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს საქართველოს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ისწავლება შემდეგი სასწავლო კურსი: „სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო ტექნოლოგიები და სისტემები“, რომლის მიზანია საზღვრის დაცვისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების სწორი და უსაფრთხო ექსპლუატაცია. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს“, - აღნიშნული შსს-ს ინფორმაციაში.
ამასთან, უწყების ცნობით, 2017 წელს მესაზღვრე ოფიცრებმა გადამზადება გაიარეს, რომელშიც ასევე გათვალისწინებულია სასწავლო კურსი: „სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო ტექნოლოგიები და სისტემები“. შსს-ს ცნობით აღნიშნული ტრენინგი განგრძობადი ხასიათისაა, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა ორი ჯგუფად გაყოფილი 27 მოქმედი თანამშრომელი.