2011 წლის 31 იანვარს საქინფორმმა მკითხველთა სამსჯავროზე გამოიტანა პუბლიკაცია „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საკუთარი მოქალაქეები ეგვიპტიდან არ გამოჰყავს, ქართული ტურისტული კომპანიები დღესაც კი, ფულის სანაცვლოდ, სასაკლაოზე დამატებით 80 მოქალაქეს უშვებენ!“. მასში ნათქვამი იყო:
„ეგვიპტეში სამოქალაქო ომი გრძელდება. აშშ–ს, ევროპის ქვეყნებს, რუსეთსა და ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს საკუთარი მოქალაქეები ეგვიპტიდან გაჰყავთ და ამ მიზნით საგანგებო ავიარეისებიც დანიშნეს. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამის გაკეთებას არ აპირებს, საქართველოა. ამავე დროს, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც აცხადებენ, რომ ეგვიპტეში უკვე ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებიც გათიშულია, თუმცა, როგორც ჩანს, არც ეს ფაქტი აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეგვიპტიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციაზე ზრუნვა დაიწყოს.
ერთადერთი, ვინც მოქალაქეების დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა, ავიაკომპანია „აირზენაა“, რომელიც საგარეო უწყებისგან შესაბამის თხოვნას ელის. როგორც საქინფორმს ავიაკომპანია „აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა: „ჯერჯერობით დამატებითი რეისი არ დანიშნულა, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროსგან კომპანიას შესაბამისი თხოვნა არ მიუღია. დღეს, 23:30 საათზე, ეგვიპტის მიმართულებით კიდევ ერთი ავიარეისი შესრულდება, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში 80 ტურისტი გაემგზავრება, სამშობლოში კი ის ადამიანები დაბრუნდებიან, რომლებსაც ტურისტული ვიზა დაუმთავრდათ”.ტურისტული კომპანიები კი კლიენტებს არათუ აბრუნებენ ქვეყანაში, არამედ თაღლითური გზით „შესანიშნავ დასვენებას“ სთავაზობენ და ეგვიპტის კურორტებზე ტურისტების ახალ–ახალ ნაკადს გზავნიან. დღეს შარმ ელ შეიხში დასასვენებლად 82 ქართველი მიემგზავრება. როგორც ჩანს, საკუთარი ფინანსური მიზნები მათ ყველაზე მაღლა აქვთ დაყენებული, რადგან, იმ შემთხვევაში, თუ ტურისტები საქართველოში ვადაზე ადრე დაბრუნდებიან, მათთვის საგზურების შესაბამისი საფასურის დაბრუნება–კომპენსაცია მოუწევთ.
საქინფორმი ტურისტულ კომპანია „ვია–თრეველს“ დაუკავშირდა, რადგან ის 80 მოქალაქე, რომლებიც ამაღამ ეგვიპტეში მიფრინავენ, სწორედ ამ კომპანიის კლიენტია. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას მედიისთვის სათქმელი არაფერი აქვს – რამდენიმესაათიანი მცდელობის მიუხედავად, „ვია–თრეველის“ ხელმძღვანელ ნინო ნამგალაძესთან დაკავშირება ვერ შევძელით, საინფორმაციო სამსახურში კი განგვიცხადეს, რომ ჩვენს კითხვებზე პასუხის გასაცემად „კომპანიაში სხვა კომპეტენტური პირი არ არსებობს“. ჩვენ მიერ განხორციელებულ სატელეფონო ზარს კი ასე გამოეხმაურნენ: „დირექტორს არ სცალია და ჯერ ვერ დაგელაპარაკებათ. თუ თქვენი ინფორმაცია საჩქაროა, მაშინ ჩვენზე საერთოდ ნუ დაწერთ“. აი, სულ ეს იყო ჩვენი „კონტაქტი“...
სამწუხაროა, რომ „ვია–თრეველის“ ხელმძღვანელობასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან, ეგვიპტეში მიმდინარე დაძაბულობის ზრდის ფონზე, საკითხავია ისიც, როგორ შეძლებენ ჩვენი მოქალაქეები ტურისტული ვიზების ამოწურვის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებას”.
ზემოთ მოყვანილი პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ საქინფორმის რედაქციაში პროვოკაციული ზარები დაიწყო:
თავდაპირველად მავანმა ქალბატონმა დაგვირეკა, რომელიც კომპანია „ვია-თრეველის“ ხელმძღვანელად – ნინო ნამგალაშვილად წარმოგვიდგა და, მობოდიშების ნაცვლად (იმის გამო, რომ საქინფორმის ჟურნალისტს იგნორირება გაუკეთა და საჭიროდ არ ჩათვალა კომენტარის გაკეთება, რადგან „არ ეცალა“, მიუხედავად ჟურნალისტის არაერთი სატელეფონო ზარისა და თხოვნისა), შეურაცხყოფით და მუქარით აგვავსო : „მეგონა,საქინფორმი მკვდარი იყო, რა უფლება გქონდათ! სად მეცალა საქინფორმისთვის, მთელი დღე ტელევიზიები მყავდა! ვინ არის თქვენი რედაქტორი?! გადაეცით, რომ პირადად მოვალ! თქვენ გამო დიდი პრობლემები შემექმნა და ახლა თქვენც შეგიქმნით პრობლემებს!“ და კიდევ ბევრი ამგვარი რამ მოვისმინეთ ტელეფონით, მაგრამ დანაპირები არ შეასრულა და რედაქციაში არ მოსულა.
სამაგიეროდ, შემდეგ მავანმა ბატონმა დაგვირეკა და თავი კომპანია „ვია-თრეველის“ ხელმძღვანელის მოადგილედ პიარის საკითხებში და ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილ ჟურნალისტად, შოთა მაჭავარიანად წარმოგვიდგინა. გამოგვიცხადა, რომ არავითარი პრობლემები ჩვენს პუბლიკაციას მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არ შეუქმნია. მაგრამ, ამავე დროს, მოგვთხოვა ზემოაღნიშნული პუბლიკაციის საქინფორმის საიტიდან მოხსნა, რადგან ის ცილს სწამებს მათ ტურისტულ კომპანიას, და ,,ცრუ’’ ინფორმაციის გავრცელებისათვის ასევე, მოგვთხოვა ჩვენი ჟურნალისტის ბოდიშის წერილობით გამოქვეყნება.
„მე ველაპარაკე ავიაკომპანია „აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს – ნინო გიორგობიანს. იგი მთლიანად უარყოფს თქვენი ჟურნალისტისთვის ამგვარი ინფორმაციის მიწოდებას! იცით, რომ „აირზენა“ თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს (რაც გადამოწმებისას სრული სიცრუე და პროვოკაცია აღმოჩნდა! -საქინფორმი)?! ჩვენ კერძო კომპანია ვართ და ვალდებული არ ვართ, ჟურნალისტებს კომენტარები მივცეთ, ხოლო თქვენი სააგენტო ვალდებულია გამოქვეყნებამდე ინფორმაცია გადაამოწმოს! თუ გადამოწმება არ შეგიძლიათ, მაშინ ნურც დაბეჭდავთ!“ – ჭკუას გვარიგებდა ეს ბატონი.
ზემოთქმულთან დაკავშირებით, საქინფორმი უფლებამოსილია განაცხადოს:
– საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის ვებსაიტზე www.saqinform.ge არსებობს რუბრიკა “ჩვენს შესახებ“, სადაც ნათქვამია: „საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი მკითხველს მხოლოდ ინფორმაციას აწვდის და პასუხს არ აგებს სააგენტოსთვის მოწოდებული მასალებისა და ახალი ამბების უტყუარობაზე. ეთანხმება თუ არა სააგენტოს რედაქციის აზრი ანალიტიკური პუბლიკაციების ავტორებისა და ინფორმაციის წყაროების თვალსაზრისს, მოცემულ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენი კრედოა - თავისუფალი ტრიბუნის შეთავაზება ყველასთვის კარდინალურად საპირისპირო აზრის მქონეთათვისაც კი, რაც საზოგადოებას განსჯის საშუალებას აძლევს. ხოლო დასკვნების გამოტანის პრეროგატივას მთლიანად ჩვენს პატივცემულ მკითხველს ვუტოვებთ“. ამგვარ ელემენტარულ განმარტებას შეიცავს თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტოს ვებსაიტი და, ასევე, მრავალი გაზეთის ბოლო გვერდი, რაც ნებისმიერმა მკითხველმა, მით უფრო – მოქმედმა ან თუნდაც ყოფილმა ჟურნალისტმა იცის;
– მიუხედავად ამისა, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი მუდამ ცდილობს რედაქციაში შემოსული ინფორმაციის გადამოწმებას, ისევე, როგორც ტურისტული კომპანია „ვია-თრეველის“ შემთხვევაში, მართალია, არავითარი საფუძველი არ გვქონდა არ გვერწმუნა ოფიციალური პირის, ავიაკომპანია „აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის – ნინო გიორგობიანის ნათქვამი, მაგრამ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი მრავალჯერ შეეცადა „ვია-თრეველის“ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებას ინფორმაციის გადასამოწმებლად, მაგრამ კერძო კომპანიამ ჩვენი ჟურნალისტისთვის კომენტარის მიცემა საჭიროდ არ ჩათვალა. რის შემდეგაც საქინფორმი, როგორც ქართული (თუმცა ასევე – არასამთავრობო!) საინფორმაციო სააგენტო, ვალდებული იყო, ქართველი საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ეგვიპტეში მიმდინარე სამოქალაქო ომსა და იმ ტურისტულ კომპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარი ფინანსური ინტერესებისთვის საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ. (სამწუხაროდ, ინფორმაციის ექსკლუზიურობაზე, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, პრეტენზია ვერ გვექნებოდა: ყველა სააგენტოსა და გაზეთის ჟურნალისტები, რომლებმაც ავიაკომპანია „აირზენაში“ იმ დღეს დარეკეს, ისევ ტურისტულ კომპანია „ვია-თრეველში“ გადაამისამართეს და როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბრისას თავად ქალბატონ ნინო ნამგალაძეს წამოსცდა: „სად მეცალა საქინფორმისთვის, მთელი დღე ტელევიზიები მყავდა!“);
– საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი აფრთხილებს ტურისტულ კომპანია „ვია-თრეველის“ ხელმძღვანელობას მედიაზე ზეწოლის დაუშვებლობის თაობაზე და მოითხოვს, შემდგომში თავი შეიკავონ ჩვენს რედაქციაში არაადეკვატური და უკიდურესად არაპროფესიონალური აბსურდული მოთხოვნების შემცველი ზარების განხორციელებისაგან! საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი არ აქვეყნებს ფასიან შეკვეთილ პუბლიკაციებს და ამიტომ არასოდეს არ მოხსნის თავისი საიტიდან არც ერთ პუბლიკაციას. საერთოდ, ტურისტული კომპანია „ვია-თრეველის“ საქმიანობა, რომელსაც საქინფორმმა უნებლიეთ უფასო რეკლამა გაუკეთა, ჩვენი საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს ინტერესების სფეროში არ შედიოდა და ჩვენი მხედველობის არეში ის მხოლოდ ეგვიპტეში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო მოხვდა („ვია-თრეველით“, ალბათ, უფრო ფინანსური და სხვა კომპეტენტური ორგანოები უნდა დაინტერესდნენ). მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენი საიტის შორეულ გვერდებზე გადანაცვლებული, ერთი თვის წინანდელი ინფორმაცია (რომლის მოძებნაც საიტზე დაინტერესებულ პირსაც გაუჭირდება!) დღესაც იწვევს ტურისტული კომპანია „ვია-თრეველის“ ხელმძღვანელობის უკიდურეს შეშფოთებას, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი, თავის პარტნიორთან - ქართულ მედიასთან ერთად, უფლებას იტოვებს, ამ გარემოებებზე ჟურნალისტური გამოძიება დაიწყოს;
– ვსარგებლობთ შემთხვევით და შევახსენებთ არა მარტო „ვია-თრეველის“ ხელმძღვანელობას, არამედ ყველას, ვინც ეს არ იცის ანდა დაავიწყდა (იქნება ეს პოლიტიკური პარტია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ კერძო ბიზნესის წარმომადგენლები): მასმედიის თავისუფლების დონე ნებისმიერ სახელმწიფოში დემოკრატიის დონის მაჩვენებელია, ხოლო საქინფორმი, არა მარტო საინფორმაციო, არამედ ანალიტიკური სააგენტოცაა, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს არა კერძო, არამედ სწორედაც რომ სახელმწიფოებრივი ინტერესებით, საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებითა და საქართველოს კანონმდებლობით, ამიტომ უფლება აქვს, თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი, მათ შორის, კრიტიკულიც, რომლის შეზღუდვის უფლებაც არავის აქვს, თვით – ტურისტულ კომპანია „ვია-თრეველსაც’’: დიახ, ჩვენ დღესაც მიგვაჩნია, რომ ისინი, ვინც ქართველი ტურისტები 2011 წლის 31 იანვარს ეგვიპტეში გაგზავნა (სადაც იმავე დღეს ქუჩის შეტაკებებში აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომელი დაიღუპა), მათ, პრაქტიკულად, სასაკლაოზე აგზავნიდა! თუ ტურისტულ კომპანია „ვია-თრეველს“ რაიმე აქვს თავის გასამართლებელი და 2011 წლის 31 იანვრის პუბლიკაციაში მოყვანილი ფაქტების უგულვებელყოფა თუნდაც დაგვიანებით შეუძლია, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი მზადაა, გამოაქვეყნოს ტურისტული კომპანიიდან მიღებული ნებისმიერ წერილი, რის თაობაზეც პირებს, რომლებიც ჩვენს რედაქციაში რეკავდნენ, არაერთხელ განვუცხადეთ. სწორედ ესაა ნათქვამი რუბრიკაში „ჩვენს შესახებ“ საიტზე www.saqinform.ge, როცა ლაპარაკია „თავისუფალი ტრიბუნის დათმობაზე ყველასთვის, თუნდაც კარდინალურად საწინააღმდეგო აზრისთვის“, რაც რატომღაც „მხედველობიდან გამორჩა“ „ვია-თრეველის“ ხელმძღვანელობას, რომელიც ასე გულდასმით გაეცნო ჩვენს საიტს.
ვიმედოვნებთ, რომ ამდენი ხნის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, თავს დაანებებენ არაფრისმომცემი და პროვოკაციული სატელეფონო ზარების განხორციელებას ჩვენს რედაქციაში (რაც არ შეჰფერის არც ერთ სერიოზული კომპანიის სახელის პრეტენზიის მქონე ორგანიზაციას) და შეძლებენ ერთი ელემენტარული წერილის დაწერას, მტკიცებულებების თანხლებით, იმის შესახებ, რომ სრულებით არაფერი აკავშირებთ 2011 წლის 31 იანვარს ეგვიპტეში განხორციელებულ ტურთან.
საქინფორმი