რელიგია
მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანსა ვცემთ ამ წმინდა ადგილს! - ილია II

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე (14.10.2018)

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი

დღეს არის ჩვენი უდიდესი ეროვნული დღესასწაული - მცხეთობა, სვეტიცხოვლობა. ყველას გილოცავთ ამ ზეიმს. სიხარული და მწუხარება ენაცვლებიან ერთმანეთს, როგორც ტყუპი ძმები და ბევრი რამ უნახავს სვეტიცხოველს და მცხეთას - კარგიც და მძიმეც.

ჩვენს წინაპრებს უთქვამთ: ადამიანმა რომ აიღოს მიწა და გამოწუროს, მოწამეების სისხლი გამოედინებაო მას. მაგრამ, ამავე დროს, დიდი მადლი ტრიალებს ამ წმინდა ადგილზე. აქ ხდებოდა მეფის კურთხევა, აქ ხდებოდა და ხდება პატრიარქებისა და ეპისკოპოსების კურთხევა.

მცხეთა განსაკუთრებული ქალაქია და განსაკუთრებული ადგილი. ქრისტეს შობამდე ექვსი საუკუნით ადრე იყო ჩამოტანილი აქ ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ დროს დაიწყო ურთიერთობა ებრაელებსა და ქართველებს შორის. ეს გაცილებით ადრე დაიწყო. უცხო ქვეყანაში არ წაიღებდნენ ისინი ამ დიდ სიწმინდეს.

შემთხვევით არ არის, რომ აქ იყო ჩამოტანილი კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ისაც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ მცხეთა არის ახალი იერუსალიმი, წმინდა ქალაქი და ჩვენ თაყვანსა ვცემთ ამ წმინდა ადგილს.

გარდაცვალების წინ მეფე მირიანმა უარი თქვა, დასაფლავებულიყო სვეტიცხოვლის ადგილას. ის თვლიდა უღირსად თავის თავს, რომ აქ მომხდარიყო მისი დაკრძალვა და დაიკრძალა სამეფო ბაღში, სადაც ახლა არის სამთავროს დედათა მონასტერი.

ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ღმერთმა გვიბოძა ეს სამშობლო.

ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ამ ბედნიერ დღეს ჩვენ გვესწრება პრემიერ-მინისტრი საქართველოსი, მერი თბილისისა და სხვა თანამდებობის პირები. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მადლი უფლისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს.

აწყურის ღვთისმშობლის ხატმა მოიარა მთელი საქართველო, ამიტომ ჩვენ ერთად ვთქვათ ლოცვა ,,მოწყალებისა კარი განგვიღე“.

„მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!“

დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტისაცხოველისა, ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, მთლიანობა საქართველოჲსა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წყალობა და მშვიდობა სუფევდეს თქვენთან და საქართველოში და მთელს მსოფლიოში. ჩვენთან არს ღმერთი.