საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც პრეზიდენტი, მე ვიქნები მედიათავისუფლების გარანტორი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დუშეთში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მედიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან ის არის ახალგაზრდობის აღმზრდელი, მაგალითის მიმცემი.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, სიძულვილის ენა, რომელიც ბოლო დროს ტელეეკრანებზე გახშირდა, სრულიად წარმოუდგენელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიაზე.
„სწორედ აქ, „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ იხშობოდა რადიოსადგურით, რომელიც ბაზალეთის ტბაზე არსებობდა საბჭოთა პერიოდში.
სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს ადგილი, რომ მეთქვა, როგორც პრეზიდენტი, მე ვიქნები კონსტიტუციით გარანტორი მედიათავისუფლების ყველა ფორმით და საშუალებით, რაც მე მომეცემა.
მედიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან ის არის ახალგაზრდობის აღმზრდელი, მაგალითის მიმცემი.
პირველი რასაც ვგებულობთ, სწორედ საინფორმაციო სივრციდან მოდის. შესაბამისად, ის სიძულვილის ენა, რომელიც ბოლო დროს გახშირდა ტელეეკრანებზე, არის სრულიად წარმოუდგენელი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია დემოკრატიაზე, ევროპულობაზე და ქართველობაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.