საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. „აფხაზეთს სჭირდება რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმება გადახდის საშუალებად რუსული რუბლის გამოყენების შესახებ, ეს სფერო დღემდე დაურეგულირებელია და წარმოადგენს ერთ-ერთ პრობლემას, რომელიც ხელს უშლის აფხაზეთს სწრაფად განვითარებაში“, - განაცხადა აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ.
„რუსული რუბლი აფხაზეთის ტერიტორიაზე გადახდის ძირითადი საშუალებაა. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყნებს შორის დღემდე არ არსებობს შეთანხმება ამ სფეროში. შესაბამისად, ყველა რუბლი ეკონომიკაში ისეთივე საქონელია, როგორიც - დანარჩენი. საგარეო ვაჭრობის ბალანსის უარყოფითი სალდოს პირობებში ჩვენ საბანკო სისტემაში საინვესტიციო რესურსების ლიკვიდურობის მწვავე დეფიციტი წარმოგვექმნება, რაც ზღუდავს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას... განვითარებისთვის ფულია საჭირო. თუ საბანკო სისტემაში ფული არ არის, საიდან უნდა ავიღოთ ის? მაშასადამე, საჭიროა საკრედიტო რესურსები. რუსეთის ფინანსურ ბაზარზე გასასვლელი ჩვენთვის ჩაკეტილია“, - განაცხადა არძინბამ აფხაზეთ-რუსეთის მე-9 საქმიან ფორუმზე.
მისი თქმით, „ამას რაღაც უნდა ეშველოს, იმიტომ, რომ მსოფლიოში არ არსებობს ისეთი პრაქტიკა, როცა ვალუტის გამოყენება განმტკიცებული არ არის ცალკეული შეთანხმებებით“. „მე არ ვლაპარაკობ ემისიურ წილზე - ერთგვარ სავალუტო შეთანხმებაზე“ , - დააზუსტა არძინბამ, რომლის აზრით, ამგვარი შეთანხმება მაგალითად გამოდგება სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც გადახდის საშუალებად რუსული რუბლის გამოყენება სურთ.