საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა პანკისის ხეობის მკვიდრთ კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები და დიაგნოსტირება (ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრამა, კარდიოლოგის კონსულტაცია, ლაბორატორიული კვლევები) ჩაუტარეს.
აქციის ფარგლებში კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება 150-მდე პაციენტს გაეწია.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სულხან აბესაძე და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის გასული წლის 10 აპრილს გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის პერმანენტულად ტარდება კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ ატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს.
უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.