უცხოეთი
ისრაელის მედია - აშშ-ის სანქციებისთვის თავის არიდებაში ირანს რუსეთი დაეხმარება

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ებრაული მედიაპორტალ Mako-ს ინფორმაციით, ირანს აშშ-ის სანქციებისთვის თავის არიდებაში რუსეთი დაეხმარება. როგორც ჟურნალისტები ამტკიცებენ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ირანის ლიდერმა ჰასან როუჰანიმ საიდუმლო შეთანხმება უკვე გააფორმეს. მოსკოვი სთვაზობს თეირანს, ირანული ნავთობი რუსეთში გადაამუშაონ და შემდეგ გაიტანონ საერთაშორისო ბაზრებზე.

ებრაული გამოცემა ამტკიცებს, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ირანულ ნავთობს რუსულ ქარხნებში კასპიის ზღვის გავლით ჩაიტანენ, ხოლო რუსეთი გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებს მთელ მსოფლიოში გაავრცელებს. ირანი კი გაყიდვებიდან შემოსავალს მიიღებს.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ეს მექანიზმი სექტემბრის ბოლოს ირანის, რუსეთისა და თურქეთის ლიდერების შეხვედრის დროს შეათანხმეს.

აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ნოემბრის დასაწყისში აამოქმედებს. შეზღუდვები ირანულ ნავთობსაც შეეხება.

1tv.ge