საზოგადოება
ნატოს მოაქვს სტაბილურობა, მდგრადობა და კეთილდღეობა! - საქართველოს პრემიერ-მინისტრი

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მოპოვებაა, – ამის შესახებ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

საქართველოს პრემიერი მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება რეგიონის კეთილდღეობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

ნატოს ყველა წევრმა რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრობაა და ამისთვის კონკრეტული მიზეზები გვაქვს. ნატო საქართველოს წევრობა ჩვენს რეგიონს უფრო მდგრადს და განვითარებულს გახდის და ჩვენი აზრით, ეს რუსეთის ინტერესშიც უნდა შედიოდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ უნდა შედიოდეს რუსეთის ინტერესებში საქართველოს ნატოში გაწევრიანება, პრემიერ-მინისტრმა ნორვეგიის მაგალითი დაასახელა.

ნება მიბოძეთ, მაგალითად ნორვეგია დაგისახელოთ. როდესაც ნორვეგია ნატოს წევრი ხდებოდა, გაჩნდა ანალოგიური კითხვები, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ სკანდინავიის რეგიონი ყველაზე განვითარებულია მსოფლიოში. ნატოს მოაქვს სტაბილურობა, მდგრადობა და კეთილდღეობა, საქართველოსა და ჩვენს რეგიონს კი ეს სჭირდება. საქართველო არის ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაგასაყარი. ეს არის ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონი მსოფლიოში და მას უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, თუმცა ჩვენ უნდა გავხსნათ ის, უნდა მივცეთ შესაძლებლობები რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს და ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ ნატოში საქართველოს წევრობა დიდ სარგებელი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის და ეს რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ინტერვიუში.