აქტუალური
სერვისების განვითარების სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ ცესკო-ში გამართულ შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და მის მოადგილეს გიორგი შარაბიძეს მიმდინარე წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა.

პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა სია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური მუშაობის შედეგად დაზუსტდა და დაიხვეწა. მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, “საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები წელიწადში ოთხჯერ, ხოლო საარჩევნო პერიოდში – მოთხოვნის შესაბამისად გადასცეს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადაცემულ სიაში 3 558 437 პოტენციური ამომრჩეველია. აღნიშნულ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ასევე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები. მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით და იმ მოქალაქეთა უფლებების დასაცავად, რომელთაც საარჩევნო სიაში მოხვედრის პრობლემა ჰქონდათ, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, მიმდინარე წლის 1 მარტიდან პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გამოცხადდა. აქცია 2019 წლის 1 იანვრამდე გრძელდება. ბრძანების თანახმად, გარკვეული კატეგორიის პირები მოწმობის მიღებისას თავისუფლდებიან როგორც დოკუმენტის, ასევე ფოტოსურათის გადაღებისათვის განსაზღვრული საფასურის გადახდისგან. აღნიშნული აქციის ფარგლებში დღემდე 100 000-მდე მოქალაქემ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უსასყიდლოდ აიღო და, შესაბამისად, ისინი შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. იუსტიციის სამინისტრო პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის დასახვეწად და დასაზუსტებლად 2013 წლიდან მუშაობს. 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა კი უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. „კარუსელს“. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად. დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 650 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 260 000-მდე პირისაქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებში 2 910 000-მდე ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს. სააგენტოს მონაცემთა ბაზის სრულყოფისთვის, 2013-2018 წლებში საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საარჩევნო სიიდან 8000-მდე გარდაცვლილი პირის მონაცემია ამოღებული. საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი მიზნად ისახავდა სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით გადაცემას.