სამართალი
მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი აღარაა საფრანგეთის მოქალაქე, შეწუხებული ვარ, თუ რა ფორმით მიმართავს მას ზოგიერთი ადამიანი - პასკალ მენიე

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. დამოუკიდებელი კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ აღარაა საფრანგეთის მოქალაქე, ქალბატონია და შეწუხებული ვარ, თუ რა ფორმით მიმართავს მას ზოგიერთი ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე და, ასევე, მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

საფრანგეთის ელჩმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მისი კომენტარი მედიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა დაამახინჯა.

მე ინტერვიუ ჩამომართვეს მედიის წარმომადგენლებმა და ზოგიერთმა მათგანმა დაამახინჯა ჩემი სიტყვები, ან არასწორად გაიგო ჩემი ნათქვამი. საფრანგეთის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიცია არის ის, რომ ჩვენ, როგორც ელჩები, თვალყურს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ეს ჩვენი მოვალეობაა.

ომეგასსაქმე ძალიან ბევრ ხმაურს იწვევს და რასაც ჩვენ ველოდებით, არის ის, რომ კვალიფიკაცია მიეცემა ამ საქმეს, იმისათვის, რომ ყველა დელეგაციამ, რომელიც აქ იმყოფება, განსაზღვროს თავისი პოზიცია მოცემულ სიტუაციაში.

მეორეს მხრივ, ჩემი, როგორც ფრანგის პირადი შეხედულებაა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ აღარაა საფრანგეთის მოქალაქე, ის ქალბატონია და მე ცოტა შეფიქრიანებული ვარ და ცოტა შეწუხებულიც იმის გამო, თუ რა ფორმით მიმართავს მას ზოგიერთი ადამიანი.

ვფიქრობ, რომ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, მაშინაც კი, როცა საარჩევნო ბრძოლა პიკშია, საჭიროა ერთმანეთის მიმართ პატივისცემის შენარჩუნება, დემოკრატია სწორედ ასე მუშაობს და მე იმედი მაქვს, რომ საპრეზიდენტო კამპანია სწორედ ამ სულისკვეთებით წარიმართება და რომ პოლიტიკოსები იდებატებენ იმის შესახებ, თუ რა უნდათ მათ საქართველოსთვის, ხალხისთვის, საქართველოს მომავლისთვის და თავს შეიკავებენ პირადული თავდასხმებისგან“, – განაცხადა პასკალ მენიემ.

საქართველოში საფრანგეთის ელჩის კომენტარის თარგმანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსმსახურმა გაავრცელა.