პოლიტიკა
გვაქვს ეჭვი, რომ სპეციალურად გვიწვევენ ამ კონფერენციაზე, რათა შემდეგ ლაბორატორიის მუშაობის ლეგალიზება მოხდეს - გრიგორი კარასინი

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პირველ არხთან აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორია პენტაგონის მითითებითა და ამერიკული ფულით შეიქმნა, ასევე განმარტავს, რატომ არ აპირებს რუსეთი თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას, რომლის შესახებ საქინფორმი იუწყებოდა.

„ლაბორატორია თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, ეს არის საკმარისად სახიფათო სამუშაო, რომელსაც ეწევიან ჩვენს საზღვრებთან ახლოს. აფხაზები და ოსებიც საუბრობდნენ, რომ ახალი დაავადებები ჩნდება. მე არ ვიცი, ეს სპეციალისტებმა უნდა შეამოწმონ. 14-15 ნოემბერს ლუგარის ამ ლაბორატორიის ბაზაზე დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია და ბიოლოგიურ თემებზე სწავლება უნდა ჩატარდეს. ჩვენ ამ კონფერენციაზე დასასწრებად მივიღეთ მოწვევა, მაგრამ ვშიშობთ და დეტალურად აგიხსნით. ბიოლაბორატორია და ლუგარის ლაბორატორია - ეს არ არის საბავშვო ბაღი, სკოლა და სკოლის ბაღი. ეს არის ლაბორატორიის მთელი სისტემა, სადაც სხვადასხვა დონეზეა დაშვება და ძალიან რთულია ყველაფერში გარკვევა, თუ არ გაქვს მონაწილეობა მიღებული მის შექმნასა და დაარსებაში. გვაქვს ეჭვი, რომ სპეციალურად გვიწვევენ ამ კონფერენციაზე, რომ შემდეგ მისი მუშაობის ლეგალიზება მოახდინონ“, – განაცხადა კარასინმა.

მისი თქმით, არ არსებობს გარანტია, რომ კონფერენციის მონაწილე საერთაშორისო ექსპერტებს ყველა ცდაზე დაუშვებენ.

„სად არის გარანტია, რომ საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც 14-15 ნოემბერს ჩავლენ საქართველოში, ყველა მიმდინარე ცდაზე დაუშვებენ? ამის გარანტია არ არის. ამაში დარწმუნებული არ ვარ და არ არიან დარწმუნებული ჩვენი მეცნიერებიც. უნდა იყოს საუბარი ორმხრივ ინსპექციაზე და არ ვიცი, სემინარზე თუ კონფერენციაზე. ამ საერთაშორისო ფუნქციამ, შესაძლოა, მიგვიყვანოს იქამდე, რომ ყველა საწინააღმდეგო არგუმენტი მოიხსნას და ყველა ილაპარაკებს, რომ აი, ჩვენ ვუმასპინძლეთ ექსპერტების საერთაშორისო ჯგუფს და ახლა დარჩენილი ცხოვრების მანძილზე რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ რუსეთი კონფერენციაზე დასწრებას არ აპირებს.