საზოგადოება
მე ვერ დაგპირდებით პენსიების ზრდას - სალომე ზურაბიშვილი მარიხუანას ლეგალიზების წინააღმდეგ და ტოლერანტობის დამცველად გამოდის

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას ქვემო ქართლში განაგრძობს. როგორც მან რუსთავში, ქალაქის თეატრში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო დღეს სტაბილური ქვეყანაა, თუმცა რეგიონში ვითარება სულ უფრო რთულდება. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მას სურს, სტაბილურობის გარანტი იყოს.

საქართველომ გაიარა რთული პერიოდი და დღეს არის სტაბილური ქვეყანა. ჩვენი რეგიონი კი არის რთული და სულ უფრო რთულდება. პრეზიდენტი არის სტაბილურობის გარანტი და მე მინდა, ვიყო დამცველი ამ სტაბილურობის. მე ვერ დაგპირდებით პენსიების ზრდას, ამის უფლება არ მაქვს. მაგრამ დაგპირდებით, რომ ვიქნები ყველას პრეზიდენტი და ყველას დამცველი, ყველა მცირე ჯგუფის. სწორედ ეს არის მთავარი ძალა პრეზიდენტის, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი და ყველას გამაერთიანებელი. რუსთავი არის მრავალეროვანი ქალაქი და მე ვიქნები ამ ტოლერანტობის დამცველი მიუხედავად იმისა, რას ისაუბრებენ ჩვენზე“, - განაცხადა მან.

სალომე ზურაბიშვილი უმუშევრობის პრობლემასაც შეეხო. მისი თქმით, რუსთავის მოსახლეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ საწარმოზე ან სამუშაოდ თბილისში წასვლაზე.

როგორც რუსთავის, ასევე ქვეყნის მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა. ქალაქმა ამ კუთხით დიდი დარტყმა მიიღო, რადგან ჰქონდა დიდი ქარხანა. დღეს რუსთავის მოსახლეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ საწარმოზე და არც მარტო თბილისში წასვლაზე. ჩვენ ერთად უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვნახოთ სხვა გზები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას შეეხო.

ქალთა მიმართ ძალადობა გახდა ახალი მოვლენა ქართული საზოგადოებისთვის. როგორც ქალ, როგორც დედა, მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა იყოს მთავარი ჩემი მოღვაწეობისას. ვთვლი, რომ პრეზიდენტს უნდა შეატყობინონ ამის შესახებ და მას უნდა შეეძლოს ამ კუთხით დასახმარებლად, ინიციატივებით მიმართოს პარლამენტს იმ ფარგლებში რისი უფლებაც პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით, - განაცხადა მან.

შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა ახალგაზრდებისა და მათი ნოვაციური იდეების დახმარებაზე, ასევე იმ სტუდენტების მხარდაჭერაზე, რომლებიც ბრუნდებიან საქართველოში. ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანას უნდა შეეძლოს ამ სტუდენტების ღირსეული დაბრუნება სამშობლოში.

მარნეულში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არასდროს ყოფილა მარიხუანას ლეგა​ლიზების მომხრე. მისი თქმით, მარიხუანას ლეგალიზების საკითხზე მის პოზიციასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. მე არ ვარ და არასდროს ვიქნები მარიხუანას ლეგალიზების მომხრე. მე ვარ დედა და ბევრი დედა მოვიდა ჩემთან ამ საკითხით. მე ვიზიარებ მათ მწუხარებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მომავალი არიან ახალგაზრდები. ახალგაზრდები ზოგჯერ უნდა დავიცვათ საკუთარი თავისგანაც და მე ვიქნები ის პრეზიდენტი, ვინც ამას გააკეთებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.