საზოგადოება
ევროპარლამენტი: საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს დასაქმებულთა უფლებებზე, ეკონომიკურ ემიგრაციაზე, მაღალი დონის კორუფციაზე, სამართალდამცველების მხრიდან დარღვევებზე, გენდერულ თანასწორობაზე, ბავშვთა უფლებებზე და მედიაკონტენტის დეპოლიტიზაციაზე

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტის კომიტეტის წევრებმა საქართველოსთან ორი წლის წინ ამოქმედებული ასოცირების შეთანხმების შესრულება შეაჯამეს და გამოყვეს ის სფეროები, რომლებშიც ქვეყანას ევროკავშირთან უფრო მეტად დასაახლოებლად დამატებითი ძალისხმევა სჭირდება.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები მიესალმებიან საქართველოს რეფორმების მდგრად კურსს, რომელიც ქვეყანას რეგიონში ევროკავშირის მთავარ პარტნიორად აქცევს. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი ახლა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილესი წყაროა. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს სტაბილურობის, დემოკრატიული რეფორმებისა და ქართველებისთვის ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესების უზრუნველყოფა. ისინი აღნიშნავენ, რომ მაღალი დონის კორუფცია, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და მედიაკონტენტის დეპოლიტიზაცია შეშფოთების მთავარ სფეროებად რჩება.

რეზოლუციაში ასევე მწუხარებით არის აღნიშნული, რომ 10 წლის შემდეგაც რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ევროპარლამენტის წევრები ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევ მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ საქართველოს მოქალაქეებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშესახები სარგებლისა და მიზნების შესახებ აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობას.

საქართველოს აქვს მკაფიო მისწრაფება, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ევროპულ დღის წესრიგზე პარტიებს შორის კონსენსუსი ძალიან მნიშვნელოვანია. ასოცირების შეთანხმების შესრულება კარგად მიდის. ჩვენ ასევე ვხედავთ პოზიტიურ დინამიკას უვიზო რეჟიმთან და ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხზე დიალოგთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი საკითხია, რომელზეც საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს, მათ შორის, დასაქმებულთა უფლებები, ეკონომიკური ემიგრაცია, მაღალი დონის კორუფცია, სამართალდამცველების მხრიდან დარღვევები, გენდერული თანასწორობა და ბავშვთა უფლებები. ევროკავშირი და ევროპარლამენტი შეინარჩუნებს ჩართულობას და მხარდაჭერას საქართველოს მიმართ მის ამბიციურ გზაზე“, – განაცხადა მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე ანდრეს მამიკინსმა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 43 ხმით, შვიდის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას. აღნიშნულ რეზოლუციას ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ნოემბერში უყრიან კენჭს.