შსს-ს მიერ შექმნილ პირველ 3D კომპიუტერულ თამაშ GEOPOLICE-ში პროპაგანდისტული და პოლიტიკური ელემენტები შეიმჩნევა.
თამაშის დროს გამოყენებულია რამდენიმე გამოთქმა და გრაფიკული ელემენტები, რომლებიც აშკარად მიუთითებს ქართული პოლიციის "უძლეველობაზე".
გარდა ამისა, თამაშისას ერთ-ერთ ვირტუალურ კედელზე შეხვდებით წარწერას ,,STOP RUSSIA!” , რომელიც, რა თქმა უნდა, შეიცავს პოლიტიკურ მოწოდებას და მოთამაშის თვალში "მტრის ხატის" შექმნას ისახავს მიზნად. იდეის ავტორები მოზარდებს, ვისზეც ეს თამაშია გათვლილი, არ უტოვებენ არჩევანის უფლებას, ბავშვობიდან აპროგრამებენ და მათსავით აზროვნებას აიძულებენ.GEOPOLICE-ის კიდევ ერთი "უცნაურობა" თამაშის ერთ-ერთი უარყოფითი გმირია, თავგადაპარსული, ულვაშა, ყბებგანიერი შუახნის მამაკაცი, სავარაუდოდ, მძარცველი ან ტერორისტია, რომელიც ძალიან ჰგავს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით თევზაძეს. ტერორისტსა და თევზაძეს შორის მსგავსებას თამაშის მენეჯერიც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს უბრალო დამთხვევაა.
ზოგადად, თამაში იმისთვის არის, რომ მოზარდმა უნდა ისიამოვნოს, განიმუხტოს და დრო კარგად გაატაროს. საქინფორმის კორესპონდენტი ესაუბრა აღშფოთებულ მშობელს, რომელიც სავსებით საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მისი განმარტებით, როდესაც მისი შვილი ამ თამაშს თამაშობს, ჯერ ოთახიდან ძალიან უწმაწური სიტყვები გამოდის, ხოლო თვითონ ბავშვი კი სასტიკად გაღიზიანებულია.
" ერთხელ სახლში არ ვიყავი და, როდესაც დავბრუნდი, ოთახიდან, სადაც ჩემი შვილი იყო, საშინელი გინების ხმა გამოდიოდა, თან ეს ყველაფერი ქართულად იყო და კინაღამ გავგიჟდი, მეგონა, რომ ჩემი შვილი ვიღაცას ეჩხუბებოდა, როდესაც ოთახში შევედი, ვნახე, რომ ჩემი 15 წლის ბიჭი კომპიუტერზე ამ GEOPOLICE-ს თამაშობდა, ძალიან აღვშფოთდი, მაგრამ თამაში ვერაფრით ვერ გამოვართვევინე, ისეთი აგრესიული იყო, მე ჩემი შვილი ასეთი არასდროს მინახავს. ამის შემდეგ მამამისმა აუკრძალა ამ თამაშის ჩართვა და ბავშვი ისევ დანყნარებული და ლაღია".