სამართალი
თინა ხიდაშელი დასუფთავების სამსახურში არსებულ განუკითხაობაზე ალაპარაკდა

tinaდასუფთავების სამსახურში არსებულ პრობლემას დღეს საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი თინათინ ხიდაშელი გამოეხმაურა.

როგორც ხიდაშელი აცხადებს , რამდენიმე თვეა, დედაქალაქის საკრებულოში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა საჩივარი ამ სამსახურში გამეფებული განუკითხაობის, დისკრიმინაციისა და შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ შევიდა.

მისი თქმით, თანამშრომლებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ. ამასთან, სამედიცინო დაზღვევა მხოლოდ საარჩევნოდ მისცეს. გარდა ამისა, მათ იანვრიდან სამუშაო ფართობი გაუდიდეს, ხელფასი კი – შეუმცირეს.

"განსაკუთრებით სარისკოა ამ სამსახურის სამი თანამშრომლის ბედი, რომლებიც სამსახურის პოლიტიკას აკრიტიკებდნენ. წარსულში ასეთი "მეამბოხე" თანამშრომლები გაათავისუფლეს, დღეს კი მსგავსი პრობლემის წინაშე ლალი მამოევა, ზარა მუსაევა და დალი ხვადაგიანი აღმოჩნდნენ," აცხადებს ხიდაშელი.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა უფლებების დასაცავად თინა ხიდაშელი თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისიას, სახალხო დამცველსა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართავს.

თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს დასუფთავების სამსახურის ის სამი თანამშრომელიც წარუდგინა, რომლებსაც, მათი თქმით, ქალაქის მთავრობამ გამწვანების სამსახურის ფუნქციაც დააკისრა და ეთნიკური ნიშნითაც დევნიან.

როგორც დასუფთავების სამსახურის ყოფილმა ბრიგადირმა ნუგზარ ქანთარიამ აღნიშნა, 3500 თანამშრომელი მონურ მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომ ისინი დასუფთავების სამსახურის უფროსის – ტარიელ ხიზანიშვილის გადადგომას მოითხოვენ.