პოლიტიკა
კარასინის განცხადება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის თაობაზე გვიჩვენებს, რომ რუსეთი მეზობლებზე ფიქრობს - ვლადიმერ ზორინი

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. „საქართველოს უბრალო მოქალაქეები არ იზიარებენ რუსეთთან ურთიერთობის გართულებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით ხდება“, - მიაჩნია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საბჭის პრეზიდიუმის წევრს ვლადიმერ ზორინს.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ერთობლივ საფუძველზე უვიზო რეჟიმის განახლებას ხელს უშლის ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობა, აგრეთვე არცთუ მარტივი ვითარება მსოფლიოში, რომელიც ტერორისტული და სხვა საფრთხეების ზრდით ხასიათდება, არალეგალური მიგრაციის პრობლემა.

„მიმაჩნია, რომ სსრკ-ის ყოფილ რესპუბლიკებთან ურთიერთობაში ჩვენ ორი პლასტი გვაქვს: ელიტებსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა და ხალხების ურთიერთობა. მოცემულ შემთხვევაში საკითხს უვიზო რეჟიმის შესახებ წამოჭრიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მოქალაქეები, რომლებიც მიმართავენ სხვადასხვა ინსტანციას, აგროვებენ ხელმოწერებს და ა. შ. ანუ ჩვენი ხალხები, უბრალო ადამიანები, არ იზიარებენ იმ გართულებას, რომელიც საქართველოს ინიციატივით ხდება“, - თქვა ზორინმა რადიო Sputnik -ის ეთერში.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არსებობს „თამაშის ელემენტი“ - სურვილი, უვიზო რეჟიმი დიპლომატიური ურთიერთობის გარეშე დამყარდეს. ეს წარმოშობს ახალ თემას მსჯელობისათვის და იმისთვის, რომ გამოინახოს საშუალება, კიდევ ერთხელ დაადანაშაულონ რუსეთი საქართველოსთვის რაღაც გარკვეული მოთხოვნების წაყენებაში, რაც სინამდვილეში არ ხდება, ხაზი გაუსვა მან „კიდევ ერთს აღვნიშნავდი: როგორც არ უნდა ყალიბდებოდეს ურთიერთობა, ქართული დიასპორა რუსეთში და საერთოდ, ამ ხალხის, ეთნოსის წარმომადგენლები აქ კომფორტულად გრძნობენ თავს. ვფიქრობ, გრიგორი კარასინის განცხადება ერთხელ კიდევ ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენ, რუსები, პირველ რიგში ადამიანებზე ვფიქრობთ, ჩვენს ყოფილ თანამემამულეებზე, ამჟამად მეზობლებზე, რომლებთანაც გვსურს, მეგობრულად ვიცხოვროთ“, - დაასკვნა ზორინმა.