სამართალი
ნაფიც მსაჯულებს სასამართლოში ჯერ კიდევ არ იწვევენ

martlmsajulebaსაქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ოფიციალურად 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა. მაგრამ მათი მონაწილეობით დღემდე არც ერთი სასამართლო პროცესი არ გამართულა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეჭვობს, რომ ეს პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, რადგან იმიტირებული სასამართლო პროცესების დროს განაჩენების უმრავლესობა გამამართლებელი იყო, მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას. იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2010 წელის განმავლობაში 11 იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა, რომელთაგან 7 პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს. თუმცა, როგორც კანონის მესვეურნი ამბობენ, აღნიშნული ტენდენციის განზოგადება რეალურ სიტუაციაზე მართებული არ იქნება და შეუძლებელია იმიტირებულ პროცესებზე დაყრდნობით იმის თქმა, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ადგილი ექნება გამამართლებელი ვერდიქტების სიმართლეს. იურისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობაში ბევრი ხარვეზია და ამიტომ იგი უნდა დაიხვეწოს.