აქტუალური
შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანას ჯავშანტექნიკა, შესაძლოა, „დელტამ“ მიაწოდოს

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანას ჯავშანტექნიკა, შესაძლოა, „დელტამ“ მიაწოდოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრდელტასგან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე განმარტებით, ჯავშანტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით შესაბამის ქვეყნებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ამასთან, „დელტას“ ინფორმაციით, დასკვნით ფაზაშია მოლაპარაკებები პოტენციური კლიენტისთვის თვისებრივად ახალი ინტეგრირებული სადაზვერვო სისტემის მიწოდებაზე.

ვინაიდან ცენტრის ინტელექტუალური და საწარმოო რესურსები სრული დატვირთვით მუშაობს ახალი პროდუქტის განვითარებისთვის, გვაქვს შესაძლებლობა, საერთაშორისო ბაზარზე მყარად დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი და შესაბამისად, 2018 წლისთვის კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას როგორც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, ისე საერთაშორისო კონტრაქტებზე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანასთან ჯავშანტექნიკის მიწოდებაზე, რის შედეგადაც დელტა გააფართოებს კლიენტების გეოგრაფიულ დაფარვას. დასკვნით ფაზაშია დელტას მიერ პოტენციური კლიენტისთვის თვისებრივად ახალი ინტეგრირებული სადაზვერვო სისტემის მიწოდებაზე მოლაპარაკებები, რომელსაც ფართო აუდიტორია სულ მალე იხილავს“, - აცხადებენ „დელტაში“.

მათივე ინფორმაციით, ასევე სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ მიერ იგეგმება ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშების შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენაზე IDEX-2019 (International Defence Exibition and Conference) წარდგენა.

ეს არის ერთადერთი საერთაშორისო თავდაცვითი მრეწველობის გამოფენა და კონფერენცია MENA- რეგიონში (Middle East and North Africa- შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი), რომელიც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის სექტორის დემონსტრირებას ახდენს. აღნიშნულ გამოფენაზე ცენტრის მიერ ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშების წარმოდგენა ხელს შეუწყობს ეროვნული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“, - განმარტეს „დელტაში“.