პოლიტიკა
კარასინი: თბილისი უწინდებურად არ მიდის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, აგრძელებს მტრულ საქმიანობას საერთაშორისო პლატფორმებზე, ხალისით მონაწილეობს რუსეთის შეკავების ნატოს სტრატეგიაში

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ, 2018 წლის 8 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ილაპარაკა კიევის მიერ რუსეთთან მეგობრობის შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტის შედეგებზე, უკრაინის მცდელობაზე - ავტოკეფალია მოიპოვოს, საქართველოსთან ეკონომიკურ წარმატებებზე და სომხეთთან თანამშრომლობაზე.

კერძოდ, ჟურნალისტის შეკითხვაზე - „ახლახან პრაღაში გაიმართა თქვენი მორიგი, წელს უკვე მესამე შეხვედრა საქართველოს სპეცწარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან. ამ წლის განმავლობაში იყო თუ არა წინსვლა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების საქმეში? და რა ეტაპზეა ამჟამად სავიზო საკითხის გადაწყვეტა?“ - გრიგორი კარასინმა უპასუხა:

„სტატისტიკიდან გამომდინარე, წინსვლითი მოძრაობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სახეზეა: ორმხრივი საქონელბრუნვა კვლავაც იზრდება და, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იანვარ-ივლისში 44%-ით გაიზარდა. ვფიქრობ, 2018 წელს მოიხსნება ურთიერთვაჭრობის მოცულობის შარშანდელი რეკორდი - 1 მილიარდი დოლარი. რუსეთი საქართველოს მეორე საგარეო სავაჭრო პარტნიორად და ქართული საქონლის ერთ-ერთ უმსხვილეს მომხმარებლად რჩება. მაგალითად, ჩვენ საქართველოს მიერ ექსპორტირებული ღვინის დაახლოებით 60%-ს ვყიდულობთ და მისი მოწოდების მოცულობა იზრდება. შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა ტრანსპორტის სფეროშიც. რვა თვის განმავლობაში სატვირთო ავტოგადაზიდვების მოცულობა 16%-ით გაიზარდა, ავიახაზებზე მგზავრების ნაკადი - 35%-ით.

სამწუხაროდ, პოლიტიკურ სფეროში პოზიტიური ტენდენცია არ შეინიშნება. თბილისი კვლავ არ მიდის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, აგრძელებს მტრულ საქმიანობას საერთაშორისო პლატფორმებზე, ხალისით მონაწილეობს რუსეთის შეკავების ნატოს სტრატეგიაში. პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ ამგვარი ქმედება საფრთხეს უქმნის 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, რომლის შედეგებითაც დღეს ორივე ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ.

რაც შეეხება სავიზო ლიბერალიზაციას, როგორც იცით, ჯერ კიდევ 2015 წელს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი მნიშვნელოვნად გამარტივდა და, პრინციპში, დღეს ამ ქვეყნის ნებისმიერ მცხოვრებს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ვიზა რუსეთში ჩასასვლელად. პრინციპში, არ გამოვრიცხავთ პერსპექტივაში უვიზო რეჟიმის დაწესებასაც. სხვა საქმეა, რომ ამის პრაქტიკულად განხორციელება ჯერ რთულია. ამას ხელს უშლის ჩემ მიერ ნახსენები დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა. აისახება რთული სიტუაცია მსოფლიოშიც, რომელიც განპირობებულია ტერორისტული და სხვა საფრთხეების ზრდით, არალეგალური მიგრაციის პრობლემა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, არ გავითვალისწინოთ“.