პოლიტიკა
ქართული ფაშიზმი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს! ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც ფაშიზმის თანამონაწილეა! - საქინფორმი ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტარს აკეთებს

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. „გვინდა გამოვეხმაუროთ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის და ამავე პარტიის კუთვნილი ტელევიზიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ თავის ფეისბუქგვერდზე განათავსა.

ეს ისტერიული განცხადება უსათუოდ უკავშირდება კანდიდატების არსებულ რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამიას და ნაციონალური მოძრაობის პარტიული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე შეიძლება მე-2 ადგილზეც ვერ გავიდეს.

ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული ექვსი წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოების და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიკა გვარამიას შეიძლება მართლაც აქვს იმის იმედი, რომ მის განცხადებებს რაიმე გავლენა ექნება საზოგადოების პოზიციაზე. თუმცა, საპირისპიროს ადასტურებს ხალხის და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების ფართო ჩართულობა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში.

საზოგადოება რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრ პოზიციას ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებასთან დაკავშირებით.  თუმცა, ასეთი გამოხმაურება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ მოგვისმენია. მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა (ანუ უკადრებელი იკადრა), რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.

სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის, ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ზოგადად ქართულ-დასავლური ურთიერთობების კონტექსტში. პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის, ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის გამო აზიანებენ თავად ამ იდეას. ჩვენი შეშფოთების საგანი სწორედ ესაა, რომ ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო, ზიანდება თავად იდეა და არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია.

გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ - ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე! სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან. ქართული ფაშიზმი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში ის მომავალში ვეღარ გაიდგამს ფესვებს!

28 ოქტომბერს ყველამ ერთად კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ ისტერიულ და უნიათო ფაშიზმს და ხმა მივცეთ ჭეშმარიტად ევროპელ და ღირსეულ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, - განაცხადა, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გასულ კვირას სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავის ფეისბუქგვერდზე პოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს: ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ!”.

მკითხველს, აგრეთვე, შევახსენებთ, რომ 2016 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა, რომელიც პარლამენტში კენჭს ზუგდიდიდან იყრიდა, „ნაცმოძრაობის“ მომხრეთა მიტინგზე, კერძოდ, განაცხადა - მიშა დამპირდა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ის უმსგავსი პრეცედენტები, რომლებსაც მისი პრეზიდენტობის დროს ჰქონდა ადგილი, აღარ განმეორდებაო. „მე მას თვალებში ჩავხედე და მისი დაპირება დავიჯერე!“ - განაცხადა მიტინგზე რულოვსმა. საქინფორმი მაშინ მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ ნაციონალების „რებრენდინგის“ დაჯერება არ შეიძლება და, როგორც მოვლენებმა აჩვენა, მართალი აღმოჩნდა - ნიკა გვარამიას წამოცდა, სინამდვილეში რა რევანშისტულ გეგმებს ისახავს „ნაცმოძრაობა“ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში. კერძოდ - ისინი ანგარიშს გაუსწორებენ და შურს იძიებენ პოლიტიკურ ოპონენტებზე და ამომრჩევლებზე, რომლებიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს.