საზოგადოება
The New York Times საქართველოში ლუგარის ლაბოტორიასთან დაკავშირებით რუსეთის ბრალდებებზე წერს

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. The New York Times და The Associated Press საქართველოში არსებულ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსულ ბრალდებებზე და პენტაგონის უარყოფაზე წერენ.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, რუსული ბრალდება სწორედ იმ დღეს გავრცელდა, როცა აშშ-მა, ბრიტანეთმა და ჰოლანდიამ რუსული სამხედრო დაზვერვა რამდენიმე კიბერთავდასხმაში დაადანაშაულეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ 73 ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა და ცენტრთან დაკავშირებით შეგროვებული საბუთები წარმოადგინა.

პენტაგონი ბრალდებებს უარყოფს. ერიკ პაჰონი აცხადებს, რომ ეს დასავლეთის წინაარმდეგ ყალბი ბრალდებების მიზანმიმართული გავრცელებაა.

ეს აშკარა მცდელობაა, ბევრ ფრონტზე, რუსეთის ცუდი საქციელებიდან ყურადღება გადავიტანოთ. აშშ ლუგარის ცენტში ბიოლოგიურ იარაღს არ აწარმოებს, – განაცხადეს პენტაგონში.

The New York Times კირილოვის ბრალდებებს დეტალურად აყალიბებს და მის კომენტარსაც ვრცლად სთავაზობს მკითხველს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ლუგარის ლაბორატორია ფართო სპექტრის ბიოლოგიური პროგრამის მხოლოდ ნაწილია. ასეთი ლაბორატორიები რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყნებშიცაა განთავსებული და ეს შემთხვევითი არ არის. კვლევითი ცენტრები რუსეთისა და ჩინეთისთვის ბიოლიოგიური საფრთხის მუდმივი წყაროა”.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი დაავადებათა ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას. ცენტრის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს, აშშ-საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმებისბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებსაფუძველზე.

ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის სტანდარტებით აღჭურვილი ცენტრის ამერიკელი და ქართველი სპეციალისტები ემსახურებიან ადამიანისა და ცხოველის დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების აღმოჩენას, ამოცნობასა და ეპიდემიებთან ბრძოლის ეფექტიანი გზების დასახვას.

ამ ცენტრის შესახებ უამრავი ჭორი ვრცელდება, თუმცა როგორც ქართულმა, ისე ამერიკულმა მხარეებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ცენტრი მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვას ემსახურება და მისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ პერიოდულად გავრცელებული ცნობები სრული სიცრუეა.