აქტუალური
საბჭოთა სტილის წინასაარჩევნო კამპანია და მუქარა ჩემი მომხრეების მიმართ - სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან დაიჩივლა

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ელჩებს შეხვედრაზე წავუკითხე პოსტი, რომელიც გვარამიამ დაწერა და, რომელიც არის პირდაპირი მუქარა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მე დამეხმარება, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, როგორ იქცევა ერთ-ერთი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი საარჩევნო კამპანიის დროს.

ელჩებს ყველაფერი აინტერესებდათ. მივეცი სრული და ამომწურავი ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც პირადად ჩემ წინააღმდეგ არის მიმართული და გასცდა ყველა ზომასა და ზღვარს. სხვათა შორის მათ წავუკითხე ის პოსტი, რომელიც ნიკა გვარამიამ დაწერა და რომელიც არის პირდაპირი მუქარა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მე დამეხმარება. ვფიქრობ, ყველამ უნდა იცოდეს, როგორ იქცევა ერთ-ერთი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი საარჩევნო კამპანიის დროს.

გარდა ამისა, ვრცლად ვისაუბრეთ ჩემი კამპანიის თემებზე, როგორი პრეზიდენტი ვიქნები, რა არის პრიორიტეტები. ევროპის შემოყვანა საქართველოში თავისი ყველანაირი სტანდარტით. საქართველოს ევროპაში ყოფნა და ჩემი, როგორც არამხოლოდ ელჩის, არამედ ლობისტის როლი, რადგან საქართველოს სჭირდება მეტი დანახვა და აქტიურობა ევროპასა და მსოფლიოში.

ეს არის ის, რაც ელჩებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ, რადგან, როგორც მათ თავად აღნიშნეს, წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ძალიან ცოტა ესმით, ეს არის კამპანია, რომელიც ვითარდება პრაქტიკულად თემების გარეშე და მეც ძალიან მიჭირს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატისა და დიპლომატების შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დახურულ კარს მიღმა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ უნდა შეავიწროვონ ყველა, ვინც მხარს უჭერს, აფინანსებს ან სხვაგვარად ეხმარება სალომე ზურაბიშვილს.

ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ. ეს არ არის არც გამოხატვის თავისუფლების და არც პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს არის ქვეყნის ღია და დეკლარირებული მოღალატის დახმარება. დახმარება ქვეყნის ღალატში.

ყველა ეს ადამიანი უნდა დავიმახსოვროთ და გვახსოვდეს მოღალატის გვერდში დამდგომი ხალხი, და მათგან ყველაფერს უნდა ელოდოს ჩვენი სამშობლო. უნდა დავიმახსოვროთ და გავაძევოთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან, იქნება ეს ბიზნესი, კულტურა თუ პოლიტიკა. ქვეყნის მოღალატე და მისი მოკავშირეები საჩვენებლად უნდა დაისაჯონ! მე პირადად ვაპირებ, ამას მივუძღვნა საკუთარი თავი უახლოესი რამდენიმე წელი. ჯერ არჩევნების წაგებაში ძალიან დავეხმარები მოღალატე სალომეს (აუცილებლად წააგებს) და მერე მივუბრუნდები მის დამხმარეებს“,წერს გვარამია.