პუბლიკაციები
მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, რადგან ორივე ეს რეგიონი საქართველოს ნაწილია - სტოლტენბერგმა მორიგე ფრაზების მთელი ნაკრები გაიმეორა - საქინფორმი

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა. ნატოს კარი ღიაა. ლიდერებმა ივლისში გამოხატეს ერთგულება 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. დღეს ნატოს წევრებმა დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, რადგან ორივე ეს რეგიონი საქართველოს ნაწილია.

მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს რეგიონებიდან. შეშფოთებულები ვართ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდით. შავი ზღვის უსაფრთხოება პრიორიტეტულია ნატოსთვის და პრიორიტეტულია საქართველოსთვის. ჩვენ ვმუშაობთ ისე მჭიდროდ, როგორც არასდროს“, - გაიმეორა დიდი ხნის წინ ზეპირად დასწავლილი, არაფრის დამავალდებულებელი ფორმალური ფრაზები იენს სტოლტენბერგმა. „ღია კარი“, რომელშიც საქართველოს შესვლა შეუძლებელია, იმიტომ რომ ასე გადაწყვიტეს ალიანსის წევრმა ქვეყნებმა და არა "საქორწილო გენერალმა" სტოლტენბერგმა, ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც მხარდაჭერილია მხოლოდ დეკლარაციებით და საქართველოსთვის სარფიანად მიყიდული „ჯაველინებით“, და შავი ზღვის უსაფრთხოების დოქტრინა ბათუმში, ფოთსა და ანაკლიაში ნატოს სამხედრო-საზღვაო ბაზების გახსნის პერსპექტივით, რაც რუსეთის ფედერაციის წინმსწრებ ქმედებებს გამოიწვევს...