სამართალი
პაატა ბურჭულაძის მეუღლე, რომელიც გამოკითხვაზე იყო დაბარებული, მოსკოვში გაფრინდა

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, რომელიც გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, საქართველო დატოვა და მოსკოვში გაფრინდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანჟელა ვასილენკომ მოსკოვის რეისზე რეგისტრაციის გავლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსად გარბის და 8 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნდება.

„​არსად გავრბივარ, 8 ოქტომბერს დავბრუნდები. უკან დასაბრუნებელი ბილეთი მაქვს, პროკურატურას ყველაფერი ვუთხარი. ჩამოვალ 8 ოქტომბერს და მინდა, საგამოძიებო უწყების ყველა კითხვას პასუხი გავცე”, – განაცხადა ბურჭულაძის მეუღლემ.

მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე პაატა ბურჭულაძის მეუღლე სასამართლოში უნდა გამოეკითხათ. მან პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი საგამოძიებო ორგანოდან უწყების მიღებისას განაცხადა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა.

ამასთან, ვასილენკოს ადვოკატის სოსო ბარათაშვილის ინფორმაციით, გამოკითხვა 8 ოქტომბერს იყო დანიშნული, თუმცა თარიღი მოულოდნელად შეიცვალა.

საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.

მიმდინარე გამოძების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის პირველ მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად მისი საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ ფონდ „იავნანას“ შემოწირულობების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მედიით გავრცელდა და ცნობილი გახდა, რომ ფონდიდან პაატა ბურჭულაძის მეუღლის ხელფასის, სასტუმროების დაქირავებისა და ავიაბილეთებისთვის რამდენიმე ასეული ათასი ლარი იხარჯებოდა.