პუბლიკაციები
ამერიკის პრეზიდენტის დღე თბილისში

president_day21 თებერვალს შეერთებულ შტატებში ამერიკის პრეზიდენტის დღე აღინიშნება.

თბილისში კი „ამერიკის მეგობართა კლუბის" ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა შეერთებული შტატების პრეზიდენტების ფოტო გამოფენა, ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი და გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე "ამერიკის პრეზიდენტი".

ღონისძიებას დაესწრებიან ამერიკის საელჩოსა და საქართველოს პარლამენტის წევრები.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საქინფორმის კორესპონდენტმა საკუთარი აზრი საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ასაკის წარმომადგენელს ჰკითხა.

გიორგი, 24 წლის: "მე ნამდვილად არ მაინტერესებს და, სულ რომ ძალით მიმიყვანონ იქ, მაინც არ შევალ, მარა ვისაც უსწორდება, იჯდნენ და ისმინონ ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ".

თამრიკო 49 წლის: "ვფიქრობ, რომ ეს ახალგაზრდებიც ვიღაცის დასანახად აკეთებენ ამ ყველაფერს, თორემ ახლა რომელს უხარია საათობით ამერიკის პრეზიდენტზე საუბარი? ეტყობა, რაღაცის გამორჩენას ელოდებიან და თავს ამახსოვრებენ იმ პარლამენტის წევრებს, ეს ხომ მათთვის აპრობირებული მეთოდია".

ზურა 54 წლის: "იმ ახალგაზრდებს დიდი სიამოვნებით დავუსვავდი ერთ შეკითხვასნუთუ ჩვენი ქართველი მოღვაწეებისა და გმირების დღეები უკვე ისე ომახიანად და პომპეზურად გადაიხადეს, რომ ახლა უკვე ამერიკის პრეზიდენტის დღეზე არიან გადასულები? ან დავიჯერო, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში იმ პარლამენტარებს ამაზე მეტი საქმე და სადარდებელი არ აქვთ?"

ნინო 21 წლის: "მე ნამდვილად არ მესმის, რატომ უნდა აღვნიშნო ამერიკის პრეზიდენტის დღე. დამისაბუთოს ვინმემ, რა დამსახურება აქვს ამ კაცს ან ჩემი, ან ჩემი ქვეყნის ცხოვრებასა და განვითარებაში და მაშინ პირველი მე ვიქნები, ვინც ამ ღონისძიებაზე მივა, მაგრამ ახლა ნამდვილად ვერ ვხვდები, რატომ აკეთებენ ამას; მეტიც, პირადად მე ამ საქციელსა და დღევანდელ საღამოს ქართულ მატრაკვეცობად მივიჩნევ!".