საზოგადოება
საქართველოში აივ–ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. 2018 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს იმუნოლოგიის სამეცნიერო–პრაქტიკულ ცენტრში აივინფიცირებულთა 517 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49 შემთხვევით მეტია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კვლევის თანახმად, საქართველოში მთლიანად 7 283 აივინფიცირებულია. მათგან 5,4 ათასზე მეტი მამაკაცია, ხოლო 1,8 ათასზე მეტი ქალი. პაციენტების უმრავლესობის ასაკი 29–დან 39 წლამდეა.

შიდსი განუვითარდა 3,7 ათაზე მეტ პაციენტს, დაიღუპა 1,4 ათას ადამიანზე მეტი. მკურნალობის კურსს გადის 4,4 ათასი პაციენტი, მათგან 48 ბავშვი.

რაც შეეხება დაავადების გადაცემის გზებს, უმეტეს შემთხვევაში (46%) დაინფიცირება ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შემდეგ მოხდა.

აივინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2,6 ათას შემთხვევაზე მეტი, მათგან 89 უცხოეთის მოქალაქეა), შემდეგ მოდის სამეგრელო (924 შემთხვევა) და იმერეთი (906 შემთხვევა).

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო წლებში აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია. მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ კონსულტირება-ტესტირება კონფიდენციალური და უფასოა.