საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული. ეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტია, რომელიც მთავრობიდან პარლამენტში უკვე შევიდა.
დოკუმენტში წერია, რომ 2019 წლის ეკონომიკური პროგნოზი 4,5%-ით განისაზღვრა.
„მომდევნო წლებში ეტაპობრივად იზრდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და 2020 წელს შეადგენს 5%-ს, 2021 წელს 5,5%-ს, ხოლო 2022 წელს 6,0%-ს“, - ნათქვამია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.
დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 45,1 მლრდ ლარია, ხოლო 2022 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 57,9 მლრდ ლარამდე. ფინანსთა სამინისტრო ელოდება, რომ 2018 წელს საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდება, შესაბამისად, განახლებული პროგნოზი შეადგენს 10 500,0 მლნ ლარს.
2018 წლის განახლებული პროგნოზიდან არის გაანგარიშებული 2019 წლის მაჩვენებელიც, რომელიც მშპ-ს 24,8%-ია და ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 11 200,0 მლნ ლარს.
საგადასახადო შემოსავლებში საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელია 3 365,0 მლნ ლარი, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტის წილი 3 115,0 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი - 250,0 მლნ ლარს.
"საგადასახადო შემოსავლების პროგნოზირებულ მაჩვენებელში მოგების გადასახადის სავარაუდო მოცულობა 786,0 მლნ ლარით არის განსაზღვრული, დამატებული ღირებულების გადასახადის - 4 482,0 მლნ ლარით. 2019 წლისთვის აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი 1 505,0 მლნ ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული, იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 83 მლნ ლარით; სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 40 მლნ ლარით; 2019 წელს აქტიურად გაგრძელდება წინა წლებში წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი გადასახადების (ძირითადად დღგ) დაბრუნების პროცესი და მოსალოდნელია, რომ 2019 წელს დაბრუნდება 400 მლნ ლარზე მეტი“, - წერია დოკუმენტის განმარტებით ბარათში.
დოკუმენტის თანხმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამური ასიგნებებიდან საბიუჯეტო ხარჯები 11 268 2 მლნ ლარს შეადგენს, გრანტები - 96,5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები 1 365 0 მლნ ლარის.
ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობიდან 3 773,1 მლნ ლარი სოციალურ უზრუნველყოფაზე მოდის, 1 473,8 მლნ ლარი - შრომის ანაზღაურებაზე, 1 194,0 მლნ ლარი - საქონელსა და მომსახურებაზე და სხვა. ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია, რომ 2019 წელს სახელმწიფო არსებულ ვალდებულებებს 933,9 მლნ ლარით შეამცირებს, საიდანაც 893,8 მლნ ლარი მიმართული იქნება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე, ხოლო 40,1 მლნ ლარი - საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების და დავალიანების დაფარვაზე.