„აიეტმა“ ულიცენზიო ტრანსლირებისთვის გაფრთხილება მიიღო
უმსხვილესმა საკაბელო ტელევიზიამ – „აიეტმა“ უცხოური არხების ულიცენზიოდ ტრანსლირებისთვის გაფრთხილება მიიღო. კომუნიკაციების კომისიაში რადიო კომერსანტს განუცხადეს, რომ, დებულების მიხედვით, პირველადი სანქცია გაფრთხილებაა; დარღვევის განმეორების შემთხვევაში, „აიეტს“ ფულადი ჯარიმა ემუქრება.
მარეგულირებლის განმარტებით, ბაზრის უმსხვილეს მოთამაშე „აიეტს“ უცხოური არხების ნაწილის ლიცენზია 2010 წლის ბოლოს ამოეწურა. კომპანიამ განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან ლიცენზიები განახლდებოდა, თუმცა იანვრის განმავლობაში ტრანსლაცია უკანონოდ ხდებოდა. კომისიამ რამდენიმე რეგიონალურ და ადგილობრივ კომპანიასაც დააკისრა სანქციები. საკაბელო არხების შემოწმება, შერჩევითი პრინციპით, მთელი წელი გაგრძელდება.