საზოგადოება
კავკასიის სახლში ბარდები მღერიან...

mRerian-bardebi-2ამ არაჩვეულებრივ კონცერტს, რომელიც თბილისში გალაკტიონის ქუჩაზე არსებულ კავკასიურ სახლში ჩატარდა, შეიძლება ეწოდოს გულისთქმისა და გახსნილობის, განცდების, ადამიანებს შორის ურთიერთგაგებისა და სიყვარულის საღამო. აქ თბილისელი ბარდები მღეროდნენ.

რას ნიშნავს ბარდი? ის კელტური ბარდოს-იდან წარმოიშვა და საქვეყნოდ თქმას, სიმღერით გადმოცემას ნიშნავს. ქართულში შეესატყვისება სახალხო მთქმელი ან მეროჭიკე.

ამ საღამოს ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო თბილისში დაბადებული და გაზრდილი პოეტი და მომღერალი, საავტორო სიმღერის კლუბ `მცირე ორკესტრიკოს~ წევრი ელინა ურუმოვა, რომელიც ამჟამად მოგვევლინა, როგორც საქართველოში მცხოვრებ ბელარუსთა საზოგადოების წარმომადგენელი. აქვე იყვნენ ბელარუსთა სათვისტომოს სხვა აქტივისტებიც, მაგრამ არ აკლდა სხვა ეროვნების ხალხიც – ქართველებთან ერთად იყვნენ ჩვენს ქვეყანაში რუსეთის თანამემამულეთა კავშირის "ოტჩიზნას" პრეზიდენტი ვალერი სვარჩუკი, რუს ქალთა ორგანიზაციის "იაროსლავნას" ხელმძღვანელი ალა ბეჟენცევა, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორი ანატოლი ლობოვი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე აფხაზეთიდან ადა მარშანია, საქართველოს რუსულენოვან ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ აიდინოვი, თბილისში გამომავალი მრავალრიცხოვანი გაზეთებისა და ჟურნალების ხელმძღვანელები და თანამშრომლები.

კონცერტში ელინა ურუმოვასთან ერთად მონაწილეობდნენ თბილისის სხვადასხვა შემოქმედებით წრეებში კარგად ცნობილი მოღვაწეები ნიკა ჯინჭარაძე, იგორ მალკო, გოგა ჭყონია, რომელთაც ბოლოს სტუმრის სტატუსით შეუერთდა ეკა დუმბაძე.

ისინი სცენაზე რიგ-რიგობით გამოდიოდნენ და ორ-ორ სიმღერას მღეროდენ. დარბაზში ყველამ იგრძნო, რომ, მიუხედავად მძიმე დროებისა, სიკეთე მაინც გაიმარჯვებს და ქვეყანაზე ნათელი დადგება _ სიყვარული და მეგობრობა უეჭველად დაამარცხებს სიძულვილსა და მტრობას, ომსა და კაცისკვლას...

_ ეს რამდენიმე წლის წინათ დაიწყო. _ გვიყვება ელინა ურუმოვა, _ ნაირა ჯორბენაძემ შეკრიბა თბილისელი ბარდები კლუბში "მცირე ორკესტრიკო". მე მაშინ ჯერ კიდევ არ გავდიოდი სცენაზე, ბარდები კი იკრიბებოდნენ და მღეროდნენ გულისნადებს, საიტიც კი გახსნეს ინტერნეტში. სამი წლის წინათ კი საავტორო სიმღერის კონცერტში, რომელიც აქვე, კავკასიურ სახლში ჩატარდა, მეც მივიღე მონაწილეობა. მაგრამ ამის შემდეგ აირია ყველაფერი _ ატყდა ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, ამიტომ ჩვენი საქმიანობა მინელდა. მართალია, ამ ბოლო ორი წლის მანძილზე ორ საერთაშორისო ფესტივალში, ბაქოსა და მოსკოვში, მივიღე მონაწილეობა, მაგრამ აქ ჩვენი სულები ტიროდნენ, რადგან საქართველოსა და რუსეთში სხვადასვა პოლიტიკური ძალების ზრახვებმა იმსხვერპლა ორი მეზობელი და ერთმორწმუნე ერის ძმობა, ურთიერთგაგება და სიყვარული, ზიანი მიაყენა კულტურულ ურთიერთობებს... საქართველო ხომ ყოველთვის იყო, არის და იქნება წყარო მეზობლობისა და მეგობრობის კეთილი ტრადიციებისა... Dდა აი ამა წლის დასაწყისიდან ჩვენ ისევ გამოვცოცხლდით _ 8 იანვარს ბელარუს თანამემამულეთა საერთაშორისო კავშირ `სიაბრი~-ს ხელშეწყობით, ბიტლზ-კლუბში ჩატარდა საავტორი სიმღერის საღამო, რომელშიც ჩემთან ერთად მონაწილეობდა ნიკა ჯინჭარაძე. ამ კონცერტმა დასაბამი მისცა თავისებურ ბუმს და 24 იანვარს კვლავ ჩატარდა გაფართოებული კონცერტი ბელარუსთა სათვისტომოს ბარდების მონაწილეობით. ახლა კი უკვე მესამე კონცერტია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა...

და მართლაც, ამ კონცერტის შემდეგ დარბაზში შეკრებილთა სახეები სიხარულსა და სიყვარულს გამოხატავდა, თითქოს ყველას მიეცა იმედი, რომ ამ კეთილ გრძნობეს არ უწერია ჩაქრობა. მით უმეტეს, თუ მას მხარს დაუჭერენ ძლიერნი ამა ქვეყნისა.

წინ ამ კეთილი ნების ადამიანებს მრავალმხრივი გეგმები აქვთ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ ომები, ადრე თუ გვიან, შეწყდება, სიმღერა კი მუდამ იქნება!