აქტუალური
იენს სტოლტენბერგი: მხოლოდ ნატოს წევრებისა და საქართველოს გადასაწყვეტია, როდის გახდება საქართველო ალიანსის წევრი, რუსეთს არ აქვს უფლება, ამ პროცესში ჩაერიოს!

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე პირველი არხის კითხვის პასუხად განაცხადა.

პირველი არხი დაინტერესდა, რა საკითხებს განიხილავს ნატო-საქართველოს კომისია და რა იქნება სიახლე სხდომაზე საქართველოსთვის. ასევე, პირველი არხი დაინტერესდა სტოლტენბერგის რეაქციით იმ თემაზე, რომ მოსკოვიდან ხშირად ისმის განცხადებები ნატოს გაფართოების, საქართველოს ალიანსის მომავალი წევრობის წინააღმდეგ.

ჩვენ განვიხილავთ საქართველოსთან პარტნიორობას, მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას ნატოს ყველა წევრს, თუ სად ვიმყოფებით. ნატოს წევრი ქვეყნები განაგრძობენ წვლილის შეტანას სხვადასხვა პროგრამში, რასაც საქართველოსთან ერთად ვახორციელებთ. განსაკუთრებით, ეს ეხება ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნისა და შეფასების ცენტრს, ერთობლივ წვრთნებს.

ჩვენ ასევე მივესალმებით იმ მხარდაჭერას და წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს ნატოს ოპერაციებში. საქართველო რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად, განსაკუთრებით ავღანეთში. ჩვენ ასევე განვიხილავთ იმ გამოწვევებს, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში გვაქვს. ვხედავთ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდას რეგიონში, განსაკუთრებით ყირიმში. ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის. ეს არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვიმსჯელებთ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო დაეხმარება საქართველოს უსაფრთხოების სექტორში რეფორმების გაგრძელებაში.

მივესალმებით საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს და დავეხმარებით საქართველოს უსაფრთხოების სექტორში რეფორმების გაგრძელებაში. რაც შეეხება რუსეთს და გაფართოებას, ნატოს ლიდერებმა ივლისში გამოხატეს ერთგულება იმ პირველი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც მათ ბუქარესტში 2008 წელს მიიღეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენ გავიმეორეთ ეს გადაწყვეტილება ივლისის ნატოს სამიტზე. მხოლოდ ნატოს წევრებისა და საქართველოს გადასაწყვეტია, როდის მოხდება ეს. არცერთ სხვა ქვეყანას, მათ შორის რუსეთს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ამ პროცესში.

საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. არასდროს ვაღიარებთსამხრეთ ოსეთისადა აფხაზეთის დამოუკიდებლობას. გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.