სამართალი
ლეიბორისტები წყლის დიფერენცირებულ გადასახადს მოითხოვენ

without-waterლეიბორისტები წყლის დიფერენცირებულ გადასახადს ითხოვენ. როგორც სპეციალურ ბრიფინგზე ლეიბორისტული პარტიის ისნის რაიონის კოორდინატორმა თეიმურაზ მჭედლიშვილმა განაცხადა, თბილისის ბევრ უბანში, მათ შორის ვაზისუბანში, ნუცუბიძის ფერდობებზე და ვაჟა-ფშაველას კვარტლებში სასმელი წყალი მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდება, საფასურს კი ჩვეულებრივი ტარიფით იხდიან, რაც კანონდარღვევაა.

"ჩვენ აღნიშნულ ტარიფსაც ვეწინააღმდეგებით, რადგან ის უკანონოა, მაგრამ, ვისაც გრაფიკით აქვს წყალი, 3 ლარისა და 15 თეთრის ნაცვლად, 1 ლარსა და 5 თეთრს უნდა იხდიდეს, რადგან მათ წყალმომარაგება, 24 საათის ნაცვლად, 8 საათი აქვთ", – განაცხადა თეიმურაზ მჭედლიშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელი მდივნის – პაატა ჯიბლაძის მტკიცებით კი, 2013 წლამდე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" სატენდერო პირობების თანახმად, მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების საფასური არ უნდა გაეზარდა.

ჯიბლაძის თქმით, წყალზე საფასურის გაზრდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სურვილით განხორციელდა.