უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიმდინარე წლის ბოლომდე ჩატარებას ითხოვს

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიმდინარე წლის ბოლომდე ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ მან სომხეთის რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარესთან, ვაგრამ ბაგდასარიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მიგვაჩნია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მალე, მაგალითად, ორი-სამი თვის განმავლობაში“, -აღნიშნა ფაშინიანმა.

ამასთან, ფაშინიანმა გამორიცხა არჩევნების 2022 წელს ჩატარება, რასაც რესპუბლიკელები ითხოვენ.

„არაკონსტრუქციული მიდგომაა. ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების შედეგად, მოქალაქეებისთვის ნომერი პირველი საკითხი ვადამდელი არჩევნები გახდა. ამის გარეშე ვერანაირი სხვა საკითხი ვერ გადაწყდება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

თავის მხრივ, ბაგდასარიანი მიიჩნევს, რომ უახლოეს თვეებში ვადამდელი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.

„ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად დრო არის საჭირო. არ მიმაჩნია ეს შესაძლებლად ნოემბერში. ვადებზე მომავალში ვისაუბრებთ, შესაბამისი განხილ​ვების შემდეგ“, – აღნიშნა ყოფილი პრემიერის, სერჟ სარგსიანის პარტიის წარმომადგენელმა.

სერჟ სარგსიანის რესპუბლიკური პარტია ამჟამინდელ პარლამენტში 105 ადგილიდან 58-ს ფლობს.

1tv.ge