ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ისტორიული ძეგლების მდგომარეობა კატასტროფულია და დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს. ამის შესახებ განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უძრავი ძეგლების ატრიბუციისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსმა გიორგი გაგოშიძემ, როცა 28-კაციანი ქართული დელეგაცია ტაო-კლარჯეთიდან დაბრუნდა.
გაგოშიძის თქმით, განადგურების პირასაა ყველა ტაძარი, რასაც ხელს უწყობს ნაპრალებში ჩამავალი ნალექები.– მე რამდენიმე წლის წინათ ვიყავი ტაო-კლარჯეთში, მაგრამ ახლა რაც ვნახე, ტრაგედიის ტოლფასია. ტაძრების ნგრევის პროცესი პროგრესირებადია. წვიმის წყალი და თოვლი ნაპრალებში ჩადის და იყინება. ყინულის ლღობის დროს კი, ნაპრალები ფართოვდება და იზრდება, რაც ნგრევას აჩქარებს. უსწრაფესი რეაგირებაა საჭირო.
ხარაჩოები მაინც უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ, რათა ტაძრის სიმძიმე ხარაჩოებზე გადავიდეს. შემდეგ კი პროექტის მიხედვით უნდა დაიწყოს რეაბილიტაცია’’, – განაცხადა გიორგი გაგოშიძემ.
მისივე ინფორმაციით, უნიკალურია ოშკისა და იშხნის არქიტექტურა და, მათი ჩამოშლის შემთხვევაში, განადგურდება ფრესკები, რომლებიც ტაძრებში 1032-1036 წლებში შეიქმნა.
განადგურება ემუქრება ოშკის გუმბათსაც, რომელიც დავით კურაპალატის მეფობის პერიოდში – 963-973 წლებში აიგო. ექსპერტთა განცხადებით, ოშკის ტაძარი და მისი გუმბათი აღმოსავლეთ ქრისტიანული ქვეყნების ხუროთმოძღვრების შედევრს წარმოადგენს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ექსპედიცია, რომელშიც რესტავრატორები, ისტორიკოსები, ექსპერტები, არქიტექტორები და ჟურნალისტები შედიოდნენ, 17 თებერვლიდან ატარებდა ტაო-კლარჯეთში სამონასტრო კომპლექსების კვლევას.
უამინდობის გამო ექსპედიცია ხანძთისა და ოთხთა სამონასტრო კომპლექსებში ვერ ავიდა.
ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში გაზაფხულზე კვლავ გაემგზავრება, რათა იმ ტაძრების ვითარება შეისწავლონ, რომელთა მონიტორინგი ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.
ექსპერტთა განცხადებით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს საქართველო-თურქეთს შორის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების გაფორმება, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მხარეს, დროულად გადაარჩინოს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული მემკვიდრეობა.