რელიგია
რთული დროა, სირთულეები არამარტო პოლიტიკურია, არამედ ეკლესიურიც. იმედი მაქვს, ღვთისმშობლის ლოცვითა და ვედრებით ღმერთი განკურნავს ამ უძლურებას - ილია მეორე

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. რთული დროა, ეს სირთულეები არამარტო პოლიტიკურია, არამედ ეკლესიურიც, მაგრამ იმედი მაქვს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვითა და ვედრებით ღმერთი განკურნავს ამ უძლურებას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

ილია მეორემ წმინდა მთის მონასტრების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. პატრიარქი ათანასე დიდის ლავრის წინამძღვარს, იღუმენ პროდრომს მიესალმა, რომელიც თანმხლებ პირებთან ერთად საქართველოში იმყოფება და წირვას ესწრებოდა.

დიდია უფალი და დიდებულია მისი საქმენი, ვერავინ მისწვდება მის დიდებულებას, ღვთის განგებას. საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, ქრისტეს შობამდე ექვსი საუკუნით ადრე ებრაელები ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩამოიტანეს ჭეშმარიტი სარწმუნოება. ქრისტიანულ საუკუნეებში, პირველ საუკუნეში საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, მეოთხე საუკუნეში როგორც ბიზანტიაში, ისევე საქართველოში, ქრისტიანობა გახდა სახელმწიფოებრივი რელიგია.

ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა მონასტრებთან, მონასტრები დაარსდა მეოთხე-მეხუთე-მეექვსე საუკუნეებში და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა მთის მონასტრებს და განსაკუთრებით ათანასე დიდის ლავრას, რომლის წინამძღვარი საქართველოში პირველად ჩამობრძანდა.

ჩვენ გულითადად მივესალმებით მას და თანმხლებ პირებს. საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა, დიდი პატივისცემა და თაყვანისცემა ჰქონდა ათონის მონასტრების მიმართ. ჩვენც გვქონდა სავანეები, ამიტომ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ჩვენს დიდ სიხარულს და მადლობას, რომ ჩამობრძანდით საქართველოში და ჩამოგვიტანეთ მადლი იმ წმინდა ადგილებისა, სადაც თქვენ მოღვაწეობთ“, - აღნიშნა ილია მეორემ.

ათონის მთის წმინდა ათანასე დიდის ლავრის წინამძღვარმა, იღუმენმა პროდრომმა​ ილია მეორეს, საპატრიარქოს და მრევლს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.