უცხოეთი
ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში სემინარზე დასასწრებად ორგანიზატორებმა რუსი ექსპერტებიც მოიწვიეს

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი.ყველასთვის ცნობილია რუსეთის სურვილი, რომ ლაბორატორიის საკითხი თავისი საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოს,- ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ რუსეთს სურს ჭეშმარიტების დადგენა, შეუძლია გამოგზავნოს სპეციალისტები, დაათვალიერონ ლუგარის ლაბორატორია და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სემინარში.

„გრიგორი კარასინი ლუგარის ლაბორატორიის საკითხს შეეხო. მე გავიმეორე, რომ რუსეთის საქართველოსთან დამოკიდებულება არის არასწორი. ერთია, როდესაც ისინი არკვევენ ურთიერთობებს დასავლეთთან და მეორეს მხრივ, როდესაც ისინი საუბრობენ მეზობელ სახელმწიფოზე და ლაბორატორიაზე, რომელიც ამ სახელმწიფოს საკუთრება და ტრანსპარენტულ რეჟიმში მუშაობს. რამდენჯერმე ვუთხარით, რომ ამ ლაბორატორიის კარი ღიაა ყველასთვის, ყველა ქვეყნის მეცნიერისთვის. რუსი სპეციალისტები ჩამოდიოდნენ ამ წლების მანძილზე და ძალიან კარგ შეფასებას აძლევდნენ ლაბორატორიას. 14-15 ნოემბერს იქ ტარდება საერთაშორისო სემინარი და ორგანიზატორებმა რუსი ექსპერტებიც მოიწვიეს. თუ აინტერესებთ, დღეს როგორ გამოიყურება ეს ლაბორატორია, თუ სურთ სიმართლისა და ჭეშმარიტების გარკვევა, შეუძლიათ ჩამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა სემინარში. მაგრამ როგორც ჩანს, მათ სხვა მიზნები და ინტერესები აქვთ. მოწვევა გაეგზავნათ და მათი გადასაწყვეტია. ჯერ არის დრო. სემინარზე დასასწრებად 20 ქვეყნიდან ჩამოდიან სტუმრები, სპეციალისტები. იქნება ძალიან საინტერესო, აქტუალური თემატიკა და მეზობელი ქვეყანაც უნდა იყოს ამაში დაინტერესებული“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

1tv.ge