უცხოეთი
ზურაბ აბაშიძე - გრიგორი კარასინმა მიხსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაერო-ში და თქვა, რომ მამუკა ბახტაძის მოწოდებები მათთვის გაუგებარია

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. გრიგორი კარასინმა მიხსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაერო-ში და თქვა, რომ მათთვის გაუგებარია მამუკა ბახტაძის მოწოდებები ოსებისადმი, აფხაზებისადმი და რუსეთის მხარისადმი, რომ რუსეთი ხელს არ უწყობს ჩვენს კონტაქტებს აფხაზებთან და ოსებთან,- ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შევახსენე მას ჩვენი პოზიცია, თუ როგორ ვხედავთ ამ პრობლემებს, რომ მიუღებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. მე შეხვედრაზე განვაცხადე, რომ ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უგულვებელყოფა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში ხელყოფა. გავუმეორე კარასინს ის, რაც მისთვის ისედაც ცნობილია.

პრემიერის გამოსვლაში პრინციპულად იყო შეფასებული ქართულ-რუსული ურთიერთობები, არსებული პრობლემები და იყო მოწოდებები, რომ ვეძებოთ გამოსავალი ჩიხური ვითარებიდან. თუ რუსეთის მხარეს აქვს სურვილი, მაშინ მათ პოლიტიკურ ნებაზე ბევრია დამოკიდებული“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა. მამუკა ბახტაძემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

1tv.ge