საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. სს „საქართველოს ბანკის“ მიმართ „ომეგა ჯგუფს“ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, – ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
„“ომეგა ჯგუფი“ ბანკის მიმართ ვალდებულებებს 2016 წლიდან მოყოლებული არ ასრულებს და ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს დავა. „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელები მიზანმიმართული ქმედებებით მაქსიმალურად ცდილობენ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას. ამასთან, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლისა და მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში – „საქართველოს ბანკისთვის“ მიუღებელია. „საქართველოს ბანკი“ კვლავ გამოიყენებს დავალიანების ამოღების მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას“, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში”.
„თიბისი ბანკი“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის პირდაპირ ეთერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„თიბისი ბანკში“ აცხადებენ, რომ ზაზა ოქუაშვილის გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მცდარი ინფორმაციის გავრცელების მცდელობას.
„“თიბისი ბანკისთვის“ უმთავრესი მნიშვნელობის არის კლიენტების ნდობა და ყველა აუცილებელი წესისა და პროცედურის დაცვა, რომელიც კლიენტის ფულის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას.
ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკი“ განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. „თიბისი ბანკს“ გააჩნია კანონიერი ვალდებულება, დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროება.
„თიბისი ბანკი“ მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას აღნიშნული ცრუ ინფორმაციის მასშტაბირების საპასუხოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.