პოლიტიკა
არაფერია ახალი იმაში, რომ მამუკა ბახტაძის პირდაპირმა გზავნილებმა რუსეთი გააღიზიანა! - ზურაბ აბაშიძე

 საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო უწყების განცხადების შესახებ საუბრისას აღნიშნა.

მან მიმართა რუსეთის მხარეს მოწოდებით, რომ მოსკოვმა შეასრულოს 2008 წლის ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ასევე, იყო მიმართვა იმის თაობაზე, რომ რუსეთმა ხელი არ უნდა შეუშალოს ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობებს და ჩვენი ახალი ინიციატივის განხორცილებას, რომელსაც დაერქვა სახელადნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.

...თუ კედლებს ააშენებ ადამიანებს შორის, მავთულხლართებს გააბამ, შუაში დააყენებ თოფიან კაცს ნაგაზით, რანაირად უნდა ისაუბრონ ადამიანებმა. ვფიქრობ, რომ ამ თემაზეც გვექნება ალბათ საუბარი. ჩემს რუს კოლეგას შევხვდები მიმავალი კვირის დასაწყისში პრაღაში და ვნახოთ, კიდევ ერთხელ მოვისმენ მათ აზრს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ზოგადად, ჩვენ გვექნება უფრო საუბარი კონკრეტულ საკითხებზე და დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე. ეს გახლავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები და და ..“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მისივე თქმით, რუსეთის განცხადებები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მოჯადოებულ წრეს ქმნის და საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მეტი მხარდაჭერა გვქონდეს დასავლელი პარტნიორებისგან.