აქტუალური
პრეზიდენტობის კანდიდატები - ვინ ვის იწვევს დებატებში

 საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო კანდიდატების ერთმა ნაწილმა პოლიტიკური დებატებისთვის მზადყოფნა უკვე გამოთქვა და, ამასთან, გააკეთა განცხადებები, ვისთან ისურვებდნენ დებატებში მონაწილეობას.

დავით უსუფაშვილმა დებატებში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შესთავაზა.

„გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე დებატებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ კანდიდატთან სადებატოდ მზად არის, თუმცა მისთვის უფრო საინტერესო იქნება დებატები ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან.

დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დებატებში გამოიწვია გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე, რაზეც მათ მზადყოფნა გამოთქვეს.

პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა დებატებში სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე გამოიწვია.

დამოუკიდებელმა კანდიდატმა გიორგი ანდრიაძემ დებატებში ნაციონალური მოძრაობა და დავით უსუფაშვილი გამოიწვია.

თემურ შაშიაშვილი დებატებში მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძეს სთავაზობს.

ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატები მიხეილ-გელა სალუაშვილი, კახაბერ ჭიჭინაძე და გიორგი ლილუაშვილი უკვე შეთანხმდნენ დებატებზე, რომელიც გაიმართება პირველ არხზე ხუთშაბათს, 4 ოქტომბერს, 22.00 საათზე.