საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. მიუხედავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ყოველდღიური განცხადებებისა რუსული ოკუპაციის, რუსული საფრთხის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციას, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ჩათვლით, ალტერნატივა არ გააჩნია. 2019 წლიდან ეს პოზიტიური პროცესი დაჩქარდება ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის საქმეში ძვრების ფონზე.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სრულად გამოსცადა საკუთარ თავზე „ნაციონალური მოძრაობის“ უსაყვარლესი მეთოდი - „პრორუსულობაში“ დადანაშაულება და მომავალში უფრო წინდახედული იქნება როგორც საკადრო, ისე საგარეო პოლიტიკაში, და იძულებული იქნება, გააფართოოს რუსეთის ფედერაციასთან შეხების წერტილები იმით, რომ მოლაპარაკების პროცესში ჩართოს პროფესიონალები, სხვადასხვა სფეროს ცნობილი მოღვაწეები, რომლებიც ორივე მხარის ნდობით სარგებლობენ.
ამას ხელს შეუწყობს გარეგნულად შეუმჩნეველი, მაგრამ აშკარად არსებული, თუმცა კი ჯერჯერობით უმნიშვნელო ტენდენცია რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში, რომელიც მდგომარეობს ძველ უნაყოფო რიტორიკაზე უარის თქმასა და საქართველოს პრობლემის გადაჭრის მიმართ კრეატიულ მიდგომაზე გადასვლაში. ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღსადგენად ჯერ მათში გარკვევაა საჭირო, რადგან ვითარება ყოველდღიურად იცვლებოდა, მოსკოვი კი ხშირად ოპერირებდა არაკომპეტენტური, თვითმარქვია ექსპერტებისაგან, გაკოტრებული პოლიტიკოსებისაგან, ზოგჯერ კი კორუმპირებული ავანტიურისტებისაგან მიღებული ინფორმაციით, რომლებიც თავს წარმატებულ საზოგადოებრივ მუშაკებად-თანამემამულეებად წარმოადგენენ.