აქტუალური
"იბერიას" და "ომეგა ჯგუფის" სკანდალური საქმე - ივანიშვილს, მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს კითხვებზე პასუხის გაცემა ლონდონის სასამართლოში მოუწევთ

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. დანაშაულში თანამონაწილეობა და კორუფცია - ამ მძიმე ბრალდებით ლონდონის სასამართლოში სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღდეგ შევიდა. ომეგა ჯგუფის ინტერესებს დიდ ბრიტანეთში ყველაზე გავლენიანი იურიდიული ფირმა ფილდფიშერიიცავს. კომპანიის იურისტი განმარტავს, რომ დაკითხვაზე საქართველოს მთავრობის ექვს ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსანს გამოიძახებენ, სიის სათავეშია პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

შეტყობინებას ლონდონიდან მიიღებენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.

„ფილდფიშერის“ ადვოკატები ამბობენ, რომ საკმარისი მტკიცებულებები აქვთ იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს ხელისუფლება კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობს.

შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია ამ დრომდე გავრცელებულ არცერთ ფარულ ჩანაწერში არ ფიგურირებს. სწორედ ამიტომ გაჩნდა კითხვა, არსებობს თუ არა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე დამატებითი ფარული ჩანაწერი, სადაც „ქართული ოცნების“ მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მინისტრი ფიგურირებს.

ლონდონის სასამართლოს დასაკითხ პირთა სიიდან ანზორ ჩუბინიძე და ნოდარ ხადური ის ორი მოქმედი მაღალჩინოსანია, რომლებმაც საქმეზე განცხადება გააკეთეს. ჩუბინიძეც და ხადურიც "ომეგა ჯგუფის" საქმეზე არაფორმალურ მოლაპარაკებებში მონაწილეობას უარყოფენ.

"ომეგა ჯგუფის" საქმეზე ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ილაპარაკა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარე დანაშაულის ნიშნებს ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ქმედებებში ხედავს.

სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ბრიტანელი ადვოკატებისგან ოფიციალური შეტყობინება უკვე მიიღო, რომ მას, სავარაუდოდ, ლონდონის სასამართლო დაჰკითხავს. იგივე გზავნილს, რომ ლონდონის სასამართლოსთვის სარჩელი მზადდება, უახლოეს დღეებში ბიძინა ივანიშვილი და მმართველი პარტიის სხვა მაღალჩინოსნებიც მიიღებენ.