პოლიტიკა
საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იქნება - საქინფორმი

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ზუსტად ერთი თვის შემდეგ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ეს იქნება ბოლო არჩევნები, როცა პრეზიდენტს პირდაპირი კენჭისყრით ირჩევენ - შემდგომში მას პარლამენტი აირჩევს, რადგან საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ფორმა სრულ შესაბამისობაში მოვა საპარლამენტო რესპუბლიკის მოთხოვნებთან. საქინფორმის მკითხველებს შევახსენებთ, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოში არსებულმა სახელმწიფო მოდელმა არ გაამართლა, რადგან შეიცავდა როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო რესპუბლიკის ელემენტებს, ვინაიდან ქვეყნის ძირითად კანონს ე. წ. ქართველ კონსტიტუციონალისტებს უკვეთავდნენ იმ პერიოდების მმართველი პარტიები - ზვიად გამსახურდიას „მრგვალი მაგიდა“, ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“ და მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“. ამისთვის ნაწილობრივ გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მოდელების ფრაგმენტები, რომლებიც ეკლექტიკურად იყო შეკრებილი ქართულ კონსტიტუციაში, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა და ხშირად სახელმწიფო კრიზისის ზღვართან მივყავდით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ღრმა რეფორმის შედეგად ქვეყნის პრეზიდენტის ბევრი ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეცა, საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ის საპარლამენტო არჩევნების რეპეტიცია იქნება. ბიძინა ივანიშვილის მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეზე ახალი ხელისუფლების პოლიტიკისადმი საქართველოს მოქალაქეების ერთგულების და რევანშისტებისა და დამნაშავეების ხელისუფლებაში დაბრუნებაზე უარის თქმის დემონსტრირება უნდა გახდეს.

შედგება თუ არა მეორე ტური, იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება არჩევნებზე გამოცხადება. მოსალოდნელია, რომ არჩევნებზე ბევრი ხალხი მოვა, იმიტომ რომ წინასაარჩევნო პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაქსიმალურად დაძაბა ვითარება, გაამწვავა საზოგადოების გახლეჩა და უსიამოვნო განწყობა ორი მთავარი მეტოქის ელექტორატებს შორის. მე-2 ტური შეიძლება შედგეს როგორც მთლიანად საქართველოში, ისე ცალკეულ უბნებში, სადაც შედეგები ანულირებული იქნება სხვადასხვა ინციდენტის გამო, რისი თავიდან აცილება, ალბათ, ვერ მოხერხდება. ისევე, როგორც 2013 წელს, ხალხი კენჭს უყრის არა იმდენად თვითონ კანდიდატს, რამდენადაც იმას, ივანიშვილის ხელისუფლება აირჩიოს თუ სააკაშვილისა - „ცუდი მშვიდობა თუ კარგი ომი“, სხვა არჩევანი დღეს არ არსებობს.