საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით 25 სექტემბერს ნიუ-იორკს ეწვია, სადაც მე-14 საერთაშორისო ფორუმის „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში“ მუშაობაში იღებს მონაწილეობას, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ფორუმი გაერო-ს ღონისძიებების ფარგლებში იმართება და მას მსოფლიოს 50-მდე მოქმედი თუ ყოფილი ლიდერი ესწრება.
საქართველოს პრეზიდენტი ფორუმის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და სამუშაო სადილი კონფერენციაში მონაწილე ლიდერებსა და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.
მარგველაშვილი ამერიკული ფონდის Appeal of Conscience Foundation-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საზეიმო გალა-სადილს დაესწრება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მადლენ ოლბრაიტი, ჰენრი კისინჯერი, ჯეიმს ბეიკერი, კოლინ პაუელი და სხვა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები.
მარგველაშვილის ვიზიტი აშშ-ში 29 სექტემბერს დასრულდება.
გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილება ნოემბერში იწურება. საქართველო ახალ პრეზიდენტს 28 ოქტომბერს აირჩევს.
საქართველომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 23 აპრილს დაამყარეს. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.