პოლიტიკა
საქართველო დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ბრწყინვალე მაგალითია - მამუკა ბახტაძე

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა იქნება პირველი, ვინც მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე ბიზნესის ფილოსოფიას დანერგავს, – ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი ამ თემაზე ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

დოკუმენტს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მოაწერა, ხოლო Grace Farms Foundation-ის მხრიდან - პრეზიდენტმა შერონ პრაინსმა.

ღონისძიებაზე, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი საინვესტიციო კომპანიების პირველი პირები მონაწილეობდნენ, ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და აღინიშნა, რომ უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვა სრულიად სხვა მიმზიდველობას შესძენს ბიზნესის კეთებას საქართველოში და, ამავე დროს, გაზრდის ტრანსნაციონალური კომპანიების დაინტერესებას, რაც მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვის წინაპირობაა.

პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა საქართველოს წამყვან პოზიციებზე სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა არის მოწინავე რეფორმატორი, რომლის წარმატებული რეფორმების გაზიარებით სულ უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება.

საქართველო დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ბრწყინვალე მაგალითია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოში ბიზნესში უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დანერგვის შესახებ Grace Farms Foundation-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება ოქტომბრის ბოლოს თბილისში იგეგმება. აღნიშნული გადაწყვეტილება თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან და საქართველოს მთავრობის პოლიტიკასთან, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი უფლებებია.

1tv.ge